თელავში ცხრაასწლოვანი ჭადრის მკურნალობაში, თურქი და გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი თამილა ნადირაძე განმარტავს, რომ ჭადრის ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით ათასი წელია და ხეს დამატებით დიაგნოზის დასმა სჭირდება.
„თვითონ ხე, უკვე ასაკოვანია, მაგრამ ჭადარი თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და სწორი მოვლით, რაღაც დროით მისი შენარჩუნება,კიდევ შესაძლებელია. მე ჩართული ვიყავი პროცესებში და ხის მოვლის გერმანელი სპეციალისტები გვყავდა ჩამოყვანილი. ამ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე თურქ მეცნიერს, რომელსაც შეუძლია ხეს დიაგნოზი დაუსვას. ვმუშაობთ აპრილის თვეში მის ჩამოსაყვანად, რადგან გარეთა მერქანი ჯერ კიდევ ცოცხალია და ნივთიერებათა ცვლის პროცესი მიდის“, – თქვა ნადირაძემ.
თელავის მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, გიორგი თავბერიძის ინფორმაციით, თელავთან დამეგობრებულ ქალაქში, ბიბერახში მცხოვრებ სპეციალისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია თელავთან დამეგობრებულ ქალაქ, ბიბერახის სპეციალისტებთან. გერმანელების ერთი ჯგუფი, გასულ წლებში უკვე იყო და დახმარება გაგვიწია. ახლაც მიმოწერა გვაქვს, ჩამოვლენ და კონსულტაციებს გაგვიწევენ, როგორ შევინარჩუნოთ ის კიდევ დიდი ხნით“, – განაცხადა თავბერიძემ.
ჭადარი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ერეკლე II-ს მონუმენტის წინ დგას. ის საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარია. მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. 3.6 მეტრი დიამეტრის ჭადარის სიმაღლე 40 მეტრია.