თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 21 წლის გახდებოდა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 21 წლის გახდებოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე პირის წინააღმდეგ 2017 წლის 26 დეკემბერს სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც საკუთარ სახლში დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმმა, ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამთენიისას თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. გული რამდენჯერმე გაუჩერდა და რეანიმაციის ბოლო, მეოთხე, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. ოფიციალური ვერსიით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. ისინი უარყოფენ ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირსაც. თემირლან მაჩალიკაშვილი მკლელობას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა რუსთაველის გამზირზე.

შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს და დაისაჯოს ყველას ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო სპეცოპერაციის ჩატარებისას. ამ მოთხოვნით მაჩალიკაშვილმა არაერთხელ მიმართა პარლამენტს, თუმცა მის მოთხოვნას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.