თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი”  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

სააგენტოს ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა. მაჩალიკაშვილი  10 იანვარს, კლინიკაში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ  მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.