9 აპრილს მოსკოვში საბჭოთა და რუსული კინოს კლასიკოსი, რეჟისორი გიორგი დანელი დაკრძალეს. მის დაკრძალვას არ დასწრებია მისი უახლოესი მეგობარი და მის ოთხ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. ის რუსეთში 2008 წლის რუსეთ–საქარველოს ომის შემდეგ არ ჩადის და არც კონცერტებს მართავს.
ვახტანგ კიკაბიძემ მისი საყვარელი მეგობარი ბიბისისთან საუბარში გაიხსენა – მათი ერთობლივი მუშაობა ლეგენდარულ ფილმებზე და მეგობრობა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეს გრძელდებოდა. ბიბისის კორესპოდენტმა კიკაბიძე რეჟისორის დაკრძალვის წინა დღეს ჩაწერა.
“გია წავიდა… თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს. ძალიან მიჭირს ლაპარაკი. მისი დავიწყება ძალიან ძნელი იქნება. 45 წელი ახლო მეგობრები ვიყავით.
ოჯახის წევრებმა იცოდნენ, მე არაფერი არ ვიცოდი (გიორგი დანელიას სიკვდილი) და არ მეუბნებოდნენ. მე კლინიკაში ვიწექი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. მოსკოვიდან დამირეკეს და მკითხეს, ჩავიდოდი თუ არა დაკრძალვაზე.
დაკრძალვაზე ჩასვლა არ შემიძლია. ჯერ ერთი, ჯანმრთელობა და მეორე – ვიზები. რუსეთის ვიზის თხოვნას არ ვაპირებ. უკვე მეათე წელია რუსეთში არ დავდივარ. გიას სიკვდილი რომ გავიგე მთელი ღამე არ მძინებია. კინემატოგრაფმა დიდი დარტყმა მიიღო, არსებიბით. იმიტომ რომ დანელია გენიალური რეჟისორი იყო, მსოფლიო კლასის.
მე რომ კინოს მსახიობი გავხდი, დანელიას ბრალია. მე ქუჩაში გავიზარდე. როგორც ჩანს ღმერთმა გადაწყვიტა ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა და მასთან შევეხვედრებინე.ვიცი, რომ კინოში მსახიობის ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ყველას ვეუბნები რომ მთავარი რეჟისორია. არიან რეჟისორები, რომლებიც კინოს მაყურებლისთვის კი არა საკუთარი თავისთვის აკეთებენ. ტარკოვსკი იყო ასეთი. გია კი თავისთვისაც აკეთებდა და სხვისთვისაც. “მიმინო“ ისე გადაიღო, რომ ყველა მაყურებელს ვინც ამ ფილმს უყურებდა თავი ფილმის გმირებად წარმოედგინა.
კოლოსალური იუმორი ქონდა. ცხოვრებაში რაღაცეებს ერთნაირად ვუყურებდით და ამას მაშინვე მივხვდით.
ვახტანგ კიკაბიძემ მეგობარს გამოსათხოვარი წერილი გაუგზავნა, რომელიც მოსკოვში, კინოს სახლში გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ფოტოგრაფმა იური როსტმა წაიკითხა:
“გია, მადლობა შენ ჩვენი 50 წლიანი მეგობრობისთვის. იმ ბედნიერებისთვის, რომელიც შენ მაჩუქე, როცა შენი შესანიშნავი ფილმების გმირად ამირჩიე“– ნათქვამია წერილში.