ანა დოლიძემ სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მათ ფსიქოანალიტიკისთვის კარგ საკვლევ მასალად მიიჩნევს.
„გწერთ ადამიანი, რომელიც ეცადა თქვენი ორივეს მიერ აშენებული ციხეების დანგრევას. თქვენ ჩვენ დაგვღალეთ. თქვენი ეგოების პერფორმანსები ისევე მოსაწყენია, როგორც ყოველ ახალ წელს ახლიდან ნაჩვენები გაცვეთილი რუსული კომედია. აქაც წინასწარ ვიცით, რაც მოხდება. თქვენი საკუთარ თავისთვის თავმომწონეობას მიჰყვება ქვეყანა. რაც ნაკლებ განცხადებებს გააკეთებთ, მით უკეთესია, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით უკვე მათში რა ითქმის. ყველაზე ადეკვატური თქვენ შორის ორთაბრძოლაში, რომელსაც ქვეყანა მიჰყვება, ერთი კარგი ფროიდიანული ფსიქოანალიტიკოსი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, თქვენი განცხადებები იმდენად ცდება ქვეყნის ინტერესებს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ კარგ ფსიქოანალიტიკურ საკვლევ მასალას თუ წარმოადგენს.
თქვენს თვალსაწიერში არ არის არც დაღლილი ხალხი, არც მშრომელი ემიგრანტები, არც მშიერი და ქუჩაში დაყრილი მოხუცები და ბანკში წინასწარ დატოვებული მათი პენსიები, არც სიცივეში გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, არც გამონაბოლქვით მსუნთქავი მოსწავლეები, არც დაღლილი დემონსტრანტები და პოლიციელები, არც აყრილი გზები და არც კორპუსებს გარეშე დარჩენილი რამდენიმე კვადრატული მეტრი, არც დეპრესიაში ჩავარდნილი მოზარდები და ავარიებისგან დაშლილი ოჯახები. ეს ზუსტად ვნახეთ და ვიცით.
თქვენ შეპყრობილნი ხართ ერთმანეთთან ეგო შეტაკებებით, ჩვენი კი ვოცნებობთ სულ სხვა ქვეყანაზე. არა იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ, არამედ იმიტომ, რომ თქვენს სამყაროში არსებობს მხოლოდ თქვენი დუელი, სადაც ხალხს მხოლოდ სეკუნდანტების როლიღა დაგვრჩა. იმ სეკუნდანტების, რომლებიც ამასობაში დაბერდნენ.
მოკლედ, თქვენი მენტალური პენსიის დროა. დაგვღალეთ. წადით, ერთად წადით და ერთმანეთს ლოტო ეთამაშეთ, ან ჭადრაკი, ან დომინო. აზარტულს ნუ ითამაშებთ რამეს, შეჩვევა იცის“ – წერს ანა დოლიძე.