20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.ბუდაღაშვილი აცხადებს, რომ ოჯახის წევრებით დაემუქრნენ.
„4 ივლისს დაგვაკავეს, მერე გლდანის ციხეში გადამიყვანეს. 6 ივლისს, ღამის პირველს აკლდა 10 წუთი, ბადრაგს დავუძახე, თითქოს, წამალი მქონდა დასალევი და საათი მაინტერესებდა. ბადრაგმა მითხრა, რომ პირველს 10 წუთი აკლდა. პირველის ნახევარზე კარი გაიღო, კარანტინში 4 ვიყავით. დასალაგებლად შემოვიდნენ. საკანი დალაგდა, საკანში მარტო მე შევედი, დანარჩენი გადაანაწილეს. ვიფიქრე, რადგან პოლიტიკური მუხლი იყო, იგივე მუხლით დაკავებულებს შემოიყვანდნენ. 3-4 წუთში 2 პიროვნება სამოქალაქო ტანსაცმლით შემოვიდა, არც დამალეს, პირდაპირ მითხრეს, მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე იმას, რაც მათ უნდოდათ, შენს უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრეო, მითხრეს. ირონიულად გავიცინე, ეს აქამდე კინოში მქონდა ნანახი, ასე პირდაპირ, არც მოერიდნენ ისე მითხრეს. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ, შენი საქმის შენ იციო და გავიდნენ. როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არც ერთი კამერა არ არის. არავის გავაგებინე, არც ადვოკატს. ამ საქმეზე პოლიტიკური ელფერის შეძენა ხდებოდა და აღარ დავასხი ცეცხლზე ნავთი, ვიფიქრე ცოტას გადახარშავდნენ და აზრზე მოვიდოდნენ. მეგონა, რომ ეს 30 წლის წინ გავიარეთ და უკან თუ დავბრუნდებოდით არ მეგონა, თან ძალიან ღრმად უკან. 18 ივლისს, იგივე განმეორდა. წარსულშიც ნასამართლევი ვარ და რენდგენივით ვცნობ, ვინ ვინ არის. დადასტურებულად ვიცი, ვინ არიან ეს პიროვნებები, პროკურატურა შემოვიდეს და ვეტყვი ვინ იყვნენ. ყალბი სახელით და გვარებით არიან, სხვა საქმეებზეც მუშაობენ. პროკურატურასთან „ხოდი” გვაქვს და თქვი, სამივეზე თუ არა, ოქრუაშვილზე, ან უგულავაზე მაინცო. სახელი და გვარი ვიცი, მაღალჩინოსანია, პატიმარია და როგორც მითხრეს, მისი სახელი და გვარის გაცხადების უფლება არ მაქვს. პროკურორი თუ შემოვა, სახელს და გვარს დავუსახელებ და რომელ კამერაში ზის, იმასაც ვიტყვი. 6 წელი კი არა 26 რომ მომისაჯონ, ბოლომდე მივყვები! ციხეში ფსიქოლოგიური წამება მიდის! შემოვიდნენ არასამთავრობოები, პატიმრებს დარეკვას, პაემნებს უკრძალავენ. იცოდეთ, მე ვზივარ ჩემს გამო და ჩემნაირების გამო. ერთ კვირაში ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ეს ჩემზე პირდაპირ სიგნალი იყო, მეორე ძმაზეც დაიწყო მუქარები, გერმანიიდან ჩამოგიყვანთო. თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი პროკურატურიდან არ იყვნენ. ამას სხვა ორგანო, მაგალითად, სუს-ი აკეთებს“, – განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.