ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ირინა გედევანიშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ფაკულტეტის ადმინისტრაცია ყველას სთხოვს, რომ ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე საუბრისგან თავი შეიკავონ.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება კოლეგის, პროფესორის, ფსიქოლოგ ირინე გედევანიშვილის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ინტელიგენტურ ქართულ ოჯახში აღზრდილი ჩვენი ირინე იყო პიროვნული თვისებებით – კულტურით, კეთილგანწყობით, გაწონასწორებულობით, ეთიკით – გამორჩეული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი. კოლეგებისა და სტუდენტებისთვის მისი არყოფნა მძიმე დანაკლისია…
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებს, სტუდენტებს და ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს გლოვის ჟამი უდგას და უმორჩილესად სთხოვენ საზოგადოებას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოს ირინეს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის თაობაზე საჯარო სივრცეში მოსაზრებების გამოთქმისგან“ – წერია თსუს განცხადებაში
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ერთ ოჯახში გარდაცვლილია სამი ადამინი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.