“ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ. ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ,”- ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო ბილტმორში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით დაიგეგმა და მას პოლიტიკოსების გარდა საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც ესწრებიან.
კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
“საუბარი გვექნება კონკრეტულ შემოთავაზებებზე. თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და ყველა თვალსაზრისით რაციონალური შემოთავაზება, ბუნებრივია შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში კრიტერიუმი იქნება კონსტიტუციასთან თავსებადობა და რაციონალურობა. როგორც იცით, მათი მხრიდან შემოთავაზებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მკაფიო სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები დავარწმუნოთ ამაში. როცა ვამბობ გერმანულ მოდელს, ვგულისხმობ ამ მოდელის იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული. ეს ვარიანტიც, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, თანაბრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. მზად ვართ, ეს ყველაფერი განვიხილოთ”- განაცხადა კობახიძემ.