ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტისა და ევროპარლამენტარის, ზიგფრიდ მურეშანის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, ევროპარლამენტში სანქციების საკითხი იქნება განხილული.
მურეშანის თქმით, სანქციებმა არა ქართველი ხალხი, არამედ მხოლოდ ის ადამიანები უნდა დააზარალოს, ვინც ქვეყანაში ვითარებას აუარესებენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი ყველაფრის საქმის კურსშია რაც საქართველოში ხდება, ზუსტად ვიცით როდის არ ასრულებენ იმას რაც ჩვენთან შეათანხმეს, როდის არ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა, როდის ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე და როდის არ არის სასამართლო დამოუკიდებელი, ეს ყველაფერი რეზოლუციის ნაწილია, რეზოლუციის გზავნილი კი ასეთი – ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, მაგრამ ველით მთავრობისგან დაპირებების შესრულებას, თუ ამას არ გააკეთებს გავაკრიტიკებთ, მაგრამ განვაცალკევებთ ქართველ ხალხს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
თუ მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, სანქციების საკითხი იქნება განხილული, მაგრამ სანქციებმა არასდროს უნდა დააზარალოს ქართველი ხალხი, სანქციებმა უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც ვითარებას აუარესებენ. რა თქმა უნდა რეზოლუციის საბოლოო ვარიანტზე ევროპარლამენტის ყველა ჯგუფმა უნდა მოილაპარაკოს, მაგრამ EPP-ის პოზიცია ნათელია, ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, მაგრამ თუ პროგრესს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსების გამო საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა ამას შედეგებიც მოჰყვება“,- განაცხადა ზიგფრიდ მურეშანმა.
რეზოლუციის პროექტში ნახსენებია ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკურ დევნაზეც.
ევროპარლამენტარის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივი დევნა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.
„არ არის ნორმალური, როდესაც მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს დევნიან და აპატიმრებენ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ სასჯელზე, ვიდრე ამას სასამართლო გამოიტანს ეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ეჭვებს აჩენს, სწორედ ამასთან გვაქვს დღეს საქმე საქართველოში, კონკრეტულ საქმეებზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ერთ კონკრეტულ საქმეზე სასჯელს მოიხდის, მეორედ იგივე ბრალდება აღარ უნდა წაუყენო, ეს არის დევნა და ნიშნავს, რომ მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემის ოპოზიციის იარაღად იყენებენ“,- აცხადებს ზიგფრიდ მურეშანი ,,ფორმულასთან” საუბრისას.