კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 06:18

TikTok-მა აღიარა, რომ ჟურნალისტების პირად მონაცემებს მათ სათვალთვალოდ იყენებდა

TikTok-მა აღიარა, რომ ჟურნალისტების პირად მონაცემებს მათ სათვალთვალოდ იყენებდა.

TikTok-ის მშობელმა კომპანიამ, ByteDance-მა განაცხადა, რომ ორი ჟურნალისტის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენების გამო ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლა.

კომპანიამ შიდა გამოძიებით დაადგინა, რომ ეჭვმიტანილებმა Financial Times-ისა და BuzzFeed News-ის ჟურნალისტების IP მისამართები, მათთან დაკავშირებული მომხმარებლების ვინაობა და კიდევ სხვა ინფორმაცია ამოიღეს.

IP მისამართს ეჭვმიტანილები მომხმარებლის მდებარეობის დასადგენად იყენებდნენ.  ByteDance-ის ცნობით,  გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია იმისათვის გამოიყენეს, რათა გაერკვიათ, უკავშირდებოდნენ თუ არა ჟურნალისტები ByteDance-ის სხვა თანამშრომლებს, თუმცა გამოძიებამ ასეთ კვალს ვერ მიაგნო.

Financial Times-ში აცხადებენ,  რომ მათი ჟურნალისტი TikTok-მა იმიტომ ამოიღო მიზანში, რომ მან ჩინური კომპანიის ლონდონის ოფისში არსებულ დაპირისპირებაზე დაწერა.

“ჟურნალისტების თვალთვალი, მათ სასქმიანობაში ჩარევა ან მათ წყაროებზე ზეწოლა სრულიად მიუღებელია. ფორმალური პასუხამდე ამბავს სრულად გამოვიძებთ”, –  აცხადებენ Financial Times-ში.

გამოცემა Forbes-ი აცხადებს, რომ  TikTok-ი მათ სამ ჟურნალისტს უთვალთვალებდა, რომლებიც წარსულში BuzzFeed News-ში მუშაობდნენ.

აშშ-ს სენატმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის სამთავრობო მოწყობილობებზე ტიკტოკის აპლიკაციის გადმოწერას კრძალავს.