TikTok-მა აღიარა, რომ ჟურნალისტების პირად მონაცემებს მათ სათვალთვალოდ იყენებდა.
TikTok-ის მშობელმა კომპანიამ, ByteDance-მა განაცხადა, რომ ორი ჟურნალისტის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენების გამო ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლა.
კომპანიამ შიდა გამოძიებით დაადგინა, რომ ეჭვმიტანილებმა Financial Times-ისა და BuzzFeed News-ის ჟურნალისტების IP მისამართები, მათთან დაკავშირებული მომხმარებლების ვინაობა და კიდევ სხვა ინფორმაცია ამოიღეს.
IP მისამართს ეჭვმიტანილები მომხმარებლის მდებარეობის დასადგენად იყენებდნენ. ByteDance-ის ცნობით, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია იმისათვის გამოიყენეს, რათა გაერკვიათ, უკავშირდებოდნენ თუ არა ჟურნალისტები ByteDance-ის სხვა თანამშრომლებს, თუმცა გამოძიებამ ასეთ კვალს ვერ მიაგნო.
Financial Times-ში აცხადებენ, რომ მათი ჟურნალისტი TikTok-მა იმიტომ ამოიღო მიზანში, რომ მან ჩინური კომპანიის ლონდონის ოფისში არსებულ დაპირისპირებაზე დაწერა.
“ჟურნალისტების თვალთვალი, მათ სასქმიანობაში ჩარევა ან მათ წყაროებზე ზეწოლა სრულიად მიუღებელია. ფორმალური პასუხამდე ამბავს სრულად გამოვიძებთ”, – აცხადებენ Financial Times-ში.
გამოცემა Forbes-ი აცხადებს, რომ TikTok-ი მათ სამ ჟურნალისტს უთვალთვალებდა, რომლებიც წარსულში BuzzFeed News-ში მუშაობდნენ.
აშშ-ს სენატმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის სამთავრობო მოწყობილობებზე ტიკტოკის აპლიკაციის გადმოწერას კრძალავს.