რუსეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, დაბლოკა GPS სატელიტური სიგნალი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის თვითმფრინავში, როდესაც ის რუსეთის ტერიტორიის მახლობლად მიფრინავდა, იუწყება გაზეთი Times.
ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც შაპსი პოლონეთიდან სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავით, Dassault Falcon-ით ბრუნდებოდა, სადაც ის ნატოს მაშტაბურ წვრთნებს აკვირდებოდა.
როდესაც თვითმფრინავი კალინინგრადის მახლობლად მიფრინავდა, 30 წუთის განმავლობაში თანამგზავრებთან კავშირი გაწყდა. შედეგად, პილოტები იძულებულნი გახდნენ თვითმფრინავის ადგილმდებარეობის დასადგენად ალტერნატიული მეთოდები გამოეყენებინათ.
თვითმფრინავები იყენებენ რამდენიმე სანავიგაციო სისტემას, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ ფრენა, როცა GPS სიგნალი არ არის, წერს Times.
„მიუხედავად იმისა, რომ სამეფო საჰარო ძალები კარგად არის მომზადებული ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, ის მაინც რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო თვითმფრინავებს და პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. ამას არანაირი გამართლება არ აქვს და ეს უკიდურესად უპასუხისმგებლოა რუსეთის მხრიდან“, – განუცხადა გამოცემას თავდაცვის წყარომ.
კვიპროსში ბრიტანული აკროტირის ბაზიდან აფრენილი სამხედრო თვითმფრინავები რეგულარულად ხვდებიან რუსული აღჭურვილობის ზემოქმედებას რომელიც, სავარაუდოდ, სირიაშია განლაგებული, მაგრამ ეს იშვიათად ხდება მაღალჩინოსნების თვითმფრინავებთან დაკავშირებით, აღნიშნავს Times.
რუსეთის ხელისუფლება მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
მოგვიანებით ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა AFP-ს დაუდასტურა, რომ შაპსის თვითმფრინავს ფრენის დროს მართლაც შეექმნა დროებითი პრობლემები.
”ამას საფრთხე არ შეუქმნია თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის და არ არის უჩვეულო, რომ თვითმფრინავებმა განიცადონ GPS ჩარევა კალინინგრადის მახლობლად, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიაა”, – დასძინა სპიკერმა.