ტრამპი მსოფლიოში შფოთს თესავს – ამერიკელი სენატორი

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, იუტას შტატის სენატორი მით რომნი ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებს. მისი განცხადებით დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში შფოთს თესავს. გაზეთ Washington Post -ში გამოქვეყნებულ სტატიაში რომნი ტრამპის მიერ დეკემბერში მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

“მაღალ თანამდებობებზე გამოუცდელი ადამიანების დანიშვნა, უარის თქმა მოკავშირეებზე, რომლებიც ჩვენთან ერთად ომობენ, ასევე პრეზიდენტის გაუაზრებელი განცხადებები იმის შესახებ რომ ამერიკა დიდი ხნის მანძილზე მსოფლიო საქმეებში გულუბრყვილო მოთამაშე იყო, ეს ყველაფერი მის პრეზიდენტობას ზუსტად განსაზღვრავს.“– წერს რომნი და დასძენს, რომ ტრამპის სიტყვები და საქმეები მთელ მსოფლიოში შეშფოთებას იწვევს.

რომნის აზრით ტრამპის ქცევა ბოლო ორი წლის განმავლოაბში იმას მოწმობს, რომ პრეზიდენტი ჯერ ვერ გაიზარდა იმ როლის შესასრულებლად, რასაც ეს თანამდებობა ითვალისწინებს.

რომნი, რომელსაც 2016 წელს ტრამპის გამარჯვების შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებდნენ, ტრამპს დესტრუქციული, რასისტული, სექსისტული, ანტიიმიგრანტული და უღირსი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიუღებელია.