აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მიწვევისთვის და მადლიერება გამოთქვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში აშშ–ს თანმიმდევრული მხარდაჭერის პოლიტიკის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი კიევისთვის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია წარდგენილი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი სიგნალია.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს სამსახური აზუსტებს, რომ კანონპროექტის მიხედვით უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გათვალისწინებულია მისთვის შეიარაღების და ლეტალური თავდაცვითი საშუალებების გადაცემა. გარდა ამისა, დოკუმენტში განსაზღვრულია უკრაინისთვის აშშ–ს მთავარი სამხედრო–პოლიტიკური მოკავშირის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.
ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია.