წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ მსოფლიოსა და საქართველოში განვითრებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ, შესაბამისი სამინისტროების მითითებთა და მათთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და გერმანიიდან დაბრუნებული წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო 2 კვირის მანძილზე მოექცევიან თვითიზოლაციაში.
როგორც მოგეხსენებათ, ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გადიოდა.
ნაკრები სამშობლოში დღეს, 17:20 საათზე დაბრუნდა და გუნდის ყველა წევრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესაბამისი შემოწმება გაიარა. ყველა სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს, ისინი თვითიზოლაციის პერიოდს ერთად გაატარებენ სპეციალურად მათთვის შერჩეულ ადგილზე, რომელზეც ფედერაციამ წინასწარ იზრუნა.
რაც შეეხება 2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს, რომლის გამართვაც მარტის ბოლოს ჰოლანდიაში, როტერდამში იგეგმებოდა, მაისის თვეში ჩატარდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.