სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიები Turkish Airlines და Pegasus Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებენ და ფრენების სიხშირეს ზრდიან.
განრიგის მიხედვით, 1 მარტიდან, ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ყოველდღიურად, დღეში ორჯერ იფრენს, ხოლო სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
“ამასთან ავიაკომპანია ზრდის მრავალჯერადი ჩარტერული რეისების სიხშირეს თებერვლის განმავლობაში. კერძოდ, 15 თებერვლამდე, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება, ხოლო 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი, კვირაში 7 სიხშირით.
4 თებერვლიდან, რეგულარულ ოპერირებაზე გადავიდა Pegasus Airlines-ი. ავიაკომპანია თავდაპირველად ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, ხოლო 12 თებერვლიდან კი დაემატება კიდევ 1 სიხშირე”,– აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
მათივე ცნობით, განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”,– წერია სააგენტოს განცხადებაში.