“ტვ პირველისა” და „მთავარი არხის“ ოპერატორებისა და ჟურნალისტების მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს – აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულების 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულებიდან ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა – თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა – თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.