”TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოცნებას ვაკისრებთ”- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიაჩეკერთან დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”, – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.