შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტმა 112–ში შაქარაშვილის საქმეზე ექსპერიმენტის გამო ცრუ შეტყობინება გააკეთა. უწყების ცნობით, შეტყობინება 112–ში ჩხუბთან დაკავშირებით შევიდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს”,– წერია შსს–ს სტრატეგიული კომუნიკაციიების დეპარტამენტის განცხადებაში.
ამ განცხადებას ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და მას “ძალიან უხერხული უწოდა”. გრიგოლიამ შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს მიმართა და თქვა, რომ “სირცხვილია მედიის დადანაშაულება, რომ თურმე ამ დროს რეალურად სხვა სჭირდებოდეს დახმარება და ჩვენ მოვაცდინეთ”.
გრიგოლია ექპერიმენტს შსს–ს მიმართ უნდობლობით ხსნის.
“გეტყვით, იცი რატომ ვატარებთ ამდაგვარ ექსპერიმენტს? იმიტომ, რომ არ გვჯერა ძალიან ბევრ ადამიანს, რომ ავთენტური არის ის ზარი, რომელიც გაასაჯაროვა თქვენმა სტრუქტურამ. და ასევე, ნინო, შენ ხარ ჟურნალისტი, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ყოფილი ჟურნალისტი. და ყოფილი ჟურნალისტისგან ძალიან უხერხულია ამგვარი თავდასხმა ტელევიზიაზე. ხოლო რამდენი კითხვები გვაქვს შსს–სთან ამის მიხედვით ექსპერიმენტსაც ჩავატარებთ და თუ რამე დანაშაულს ჩავიდენთ, კანონით გვაგებინეთ პასუხი”,– ამბობს გადაცემა რეაქციის ეთერში ინგა გრიგოლია.