TV იმედის “ღამის შოუს” ბენდმა ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო – “ფლანგვის დეტექტორი”

იმედის ღამის შოუს ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“2020-2023 წლების მონაცემებით ღამის შოუს ბენდთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 343,800 ლარის 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა უწყებებმა ექსკლუზიურად ამ ბენდთან გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა.

ღამის შოუს ბენდი ცალკე იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომაც საჯარო უწყებები მათ თანხას სხვადასხვა კერძო პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით აძლევენ. მაგალითად, ასეთ კერძო პირებს წარმოადგენენ გიორგი გაბუნია, ჯიმო აბესაძე, ბექა სულაძე და გელა გნოლიძე.

რაც შეეხება თავად საჯარო დაწესებულებებს, ძირითადად, ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულებებს ადგილობრივი თვითმმართველობები აფორმებენ. ხელშეკრულებები ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ფორმდება.

არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც მუნიციპალიტეტები შესყიდვების სააგენტოს მიმართავენ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, ძირითადად შესყიდვის აუცილებლობას შაბლონური ტექსტით ასაბუთებენ, საიდანაც არ იკვეთება შესყიდვის გამარტივებული გზით ჩატარების აუცილებლობა. ასე მაგალითად: ქუთაისის მერიამ ღამის შოუს ბენდს 35,000 ლარი უტენდეროდ გადაუხადა 2020 წლის საახალწლო კონცერტისთვის, ხოლო დასაბუთებაში არ განუმარტავს, თუ რა იყო გამარტივებული შესყიდვის ჩატარების მიზეზი და რატომ არ შეიძლებოდა ამ შესყიდვისთვის ტენდერის გამოცხადება.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ღამის შოუს ბენდთან 2022 წელს ფოთის მერიამაც გააფორმა, ღირებულებით 32,300 ლარი.

ფოთის მერიასკონცერტის ჩატარება 24-25 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი. ექსკლუზიურად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულების გაფორმება მერიამ შემდეგი მოტივით დაასაბუთა – “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით.”

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში, ღამის შოუსთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა . ხელშეკრულების ღირებულებამ 22,000 ლარი შეადგინა. დასაბუთებაში აქაც მითითებულია: “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ ახალგაზრდებში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობითა და მაღალი სატელევიზიო რეიტინგით. სწორედ ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა მასზე არჩევანის შეჩერება და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გიორგი გაბუნია და “ღამის შოუს ბენდი”.

ღამის შოუს ბენდთან ბოლო შესყიდვა ვანის მერიამ განახორციელა, რომელმაც 2023 წლის 19 სექტემებრს ი/მ ბექა სულაძესთან 26,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ამ თანხის სანაცვლოდ ღამის შოუს ბენდმა ვანელობის დღესასწაულზე იმღერა. გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძვლად ამ შემთხვევაშიც ექსკლუზიური უფლებამოსილება დასახელდა.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას ფორმალური დასაბუთებით შეუძლია ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ პირთან, რომელიც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დარეგისტრირდება და მათთან ხელშეკრულების გაფორმების ფორმალურ მიზეზად დასახელდება ის, რომ არ არსებობს ვინმე სხვა მიმწოდებელი, რომელიც იმავე მომსახურებას გაწევს. თუნდაც ეს მომსახურება საახალწლოდ სიმღერას ან ნებისმიერ მსგავს მომსახურებას გულისხმობდეს.

აღსანიშნავია, რომ “ღამის შოუს ბენდი” ტელეკომპანია იმედისა და პოსტ ტვ-ის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ბენდია, რომელიც ქართული ოცნების შეკრებებსა და კონცერტებზე ხშირად ჩნდება. ამავე დროს, ღამის შოუს ბენდთან საჯარო ორგანოების მიერ გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაში მიმწოდებელ მხარედ ფიგურირებს ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო, რომელიც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან წილს 2017-2022 წლებში ფლობდა, ხოლო ახლა ამ ტელეკომპანიის ეთერში სხვადასხვა ტიპის, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ვიდეოებში გვხვდება.

პროსახელისუფლებო მედიებთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირების ფონზე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ექსკლუზიურად ამ ბენდთთან გაფორმებული ასიათასობით ლარის ხელშეკრულების უკან სწორედ მათი ხელისუფლებისადმი ლოიალობა დგას, რაც ცხადია, დადასტურების შემთხვევაში, კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს.” -ნათქვამია ინფორმაციაში.