მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი Twitter პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის ხელში გადავიდა, კომპანიაში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. მანამდე ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მასკს შესაძლოა კომპანიის თანამშრომელთა ნახევარი შეემცირებინა და მალე ყველა გაიგებდა, შეძლეს თუ არა სამუშაო ადგილის შენარჩუნება.
Twitter–ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომლითაც უთხრა, რომ პარასკევს კომპანია “მთელ მსოფლიოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირების რთულ პროცესს გაივლიდა“, და ეს აუცილებელი იყო, რათა კომპანია “განვითარების ჯანსაღ გზაზე გადავიდეს“. იმავე წერილში ნათქვამი იყო, რომ ტვიტერის ოფისები დროებით დაიხურებოდა, საშვების მოქმედება კი შეჩერდებოდა.
თანამშრომლებს უთხრეს, რომ პარასკევს, გრინვიჩის დროით 16 საათამდე კომპანიის 8 ათასი თანამშრომლიდან ყველა მიიღებდა ელექტრონულ წერილს თემაზე “თქვენი თანამდებობა Twitter–ში“, რომელშიც მათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეიტყობდნენ.
თუმცა, ზოგიერთმა საკუთარი ბედის შესახებ უფრო ადრე გაიგო, მას შემდეგ, რაც მათი კომპიუტერების ეკრანები მოულოდნელად ნაცრისფერი გახდა. ერთ–ერთი თანამშრომელი, ვინც დღემდე ტვიტერზე მუშაობდა ამბობს, რომ მთელი ინფორმაცია მის სამუშაო ლეპტოპზე უცებ განადგურდა, თუმცა არანაირი ელექტრონული წერილი არ მიუღია. შედეგად მან დაასკვნა, რომ სამსახური დაკარგა.
კომპანიის ბევრმა თანამშრომელმა Twitter–ში გამოსამშვიდობებელი მესიჯების გამოქვეყნება დაიწყო.
კომპანია არ ამბობს, როგორი იქნება თანამშრომელთა გათავისუფლების მაშტაბები, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მენეჯერები თანამშრომელთა ნახევარს შეამცირებენ.
Twitter–ის ყიდვის შემდეგ მასკის პირველი გადაწყვეტილება პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო, რომლებთანაც სოციალური ქსელის შეძენაზე რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ის თვითონ ჩაუდგა სათავეში კომპანიას, რომელიც ახლა უკვე კერძო კომპანიია და მისი აქციები საფონდო ბირჟებზე აღარ იყიდება.
ოქტომბერში მასკმა Twitter 44 მილიონ დოლარად იყიდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი კაცობრიობის დახმარებაა ცივილიზებული დისკუსიებისთვის მიუკერძოებელი პლატფორმის ორგანიზებაში, სადაც განსხვავებული შეხედულებების ადამიანები განსხვავებულ აზრებს გაცვლიან.
გარიგების ფასი ბევრი ანალიტიკოსის აზრით ძალიან მაღალია. ამ თანხის გადახდის შესახებ მასკმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, თუმცა ივლისში გადაიფიქრა და ეს იმით ახსნა, რომ კომპანიამ მას ყალბი ანგარიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ წარუდგინა და ზოგიერთი შეფასებით პლატფორმაზე ანგარიშების 20% შესაძლოა ყალბი იყოს. ამის შემდეგ Twitter–ის აქციების ფასი დაეცა, სოციალურმა ქსელმა კი მასკს სასამართლოში უჩივლა და პირობის შესრულება მოითხოვა. მასკმა ეს მოთხოვნა სასამართლოს დაგეგმილ სხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე შეასრულა.
Twitter მუდმივად წამგებიანი კომპანიაა. არსებობის მანძილზე მან მოგებით მხოლოდ ორი წელი – 2018 და 2019 წლები დაამთავრა, 2021 წლის შედეგებით კი 411 მილიონი დოლარი დაკარგა. ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა შედარებით სტაბილურია და თვეში 300 მილიონ ადამიანს შეადგენს.
ახლა მასკი ცდილობს Twitter–ს შემოსავლის ახალი წყაროები გამოუძებნოს და ხარჯების შემცირების გზები მოძებნოს. მასობრივი გათავისუფლებები ხელფასზე ფულის დაზოგვის ერთ–ერთი გზაა. თუმცა, მასკმა შემოსავლების ზრდის გეგმებიც დასახა.
კერძოდ, მან დაწერა, რომ აპირებს ფასიანი გახადოს ვერიფიცირებული, ანუ ლურჯ ნიშნიანი ანგარიშები. თავიდან ამერიკულმა პრესამ დაწერა, რომ ასეთი ანგარიშის ფასი შეიძლება თვეში 20 დოლარი იყოს, თუმცა ამ განზრახვას ქსელის მომხმარებლების მასობრივი კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის მწერალ სტივენ კინგის მხრიდან, რომელმაც დაწერა რომ არ ჭირდებოდა “ლურჯი ნიშანი“ მის ანგარიშზე და არ აპირებდა ამაში 20 დოლარის გადახდას. მასკმა მას იქვე უპასუხა, რომ მათ ხარჯების დასაფარად შემოსავლები ჭირდებათ და მხოლოდ რაკლამის დამკვეთების იმედზე ვერ იქნებიან. “8 დოლარზე რას იტყვით?“– იკითხა მან და შეეცადა სხვა ლოგიკითაც გაემყარებინა ეს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა ბოტების და ტროლების დასამარცხებლად.
რა რისკები არსებობს მასკის მიერ ტვიტერის რეფორმირების პროცესში:
ექსპერტები თვლიან, რომ არსებობს ორი მთავარი პრობლემა კომპანიის ახალი მფლობელის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება თავად იმ ტექნოლოგიებს ემუქრება, რომლებიც ტვიტერის მუშაობას უზრუნველყოფენ. მისი თქმით, ქსელი, როგორც ტექნოლოგიური პროდუქტი სინამდვილეში კარგად არის აგებული და ძალიან საიმედოა, რაც შესაძლოა სწორედ გათავისუფლებული თანამშრომლების დამსახურება იყოს.
მეორე: თანამშრომელთა რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ ერთი დღის განმავლობაში შეიძლება ქსელის მიმართ ნდობა შეარყიოს – როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების მხრიდან. სოციალური ქსელები კი თითქმის მთლიანად ნდობას ეფუძნება, ისევე, როგორც დეველოპერების საქმიანობა, განსაკუთრებით კონკურენტულ შრომის ბაზრებზე.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება მასკის გადაწყვეტილებები კომპანიის მუშაობაზე. მასკი ცნობილია, როგორც მენეჯერი, რომელიც თანამშრომლების მიმართ დაუნდობელ და მკვეთრ გადაწყვეტილებებს იღებს.
ამერიკული მედია წერს, რომ ტვიტერის ზოგიერთ თანამშრომელს უკვე უწევს ჩვეულებრივზე მეტი დროით მუშაობა, რათა ახალი მფლობელის მოლოდინები გაამართლოს.
თავად მასკმა განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები სამუშაო ეთიკის მიმართ “ექსტრემალური“ იქნება, თუმცა არც ისეთი მაღალი, როგორსაც საკუთარ თავს უყენებს.