ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეკლესიის მრევლს ბინაზე ზიარებას სთავაზობს. მან ქადაგებისას მრევლს უთხრა, რომ შედგება მსურველთა სია და სასულიერო პირები მათ თავად მიაკითხავენ სახლებში.
„არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება. ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით“,- ამბობს მეუფე გრიგოლი.
მან ქადაგებაზე ასევე აღნიშნა, რომ რწმენა არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას და ,,უაზრო თავგანწირვა, რომელიც მიზანს არ ემსახურება, ფუჭია და საზიანოა”.
მან ეკლესიაში მისულ პირებს ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვის თავიდან არიდების მიზნით ურჩია, რომ წირვას ტაძრის ეზოდან მოუსმინონ, სადაც ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ საკვირაო წირვა ჩატარდება პატარა ეკლესიაში, სადაც ფიზიკურად ვერ მოთავსდება რამდენიმე ადამიანზე მეტი
„თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, ჩვენს კურთხევას, ჩვენს დავალებას, იძულებულები ვიქნებით ნათლისღების ეკლესია რომაა, ეზოში, გალავანში, იქ ჩავატაროთ წირვები, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა. მაშინ დავდგებით და გარედან მოვისმენთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
დღეს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა მაინც ჩატარდა.
საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება.