გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა.
სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.