ექსპერტი გია ნოდია კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ფეისბუქზე წერს:
“ჩვენი სტრატეგია კორონავირუსის წინააღმდეგ მე ასე მესმის: რაც შეიძლება გადავდოთ მასობრივი ეპიდემია ჩვენი ქვეყნის შიგნით (რაც ახლა ხდება, ნამდვილი ეპიდემიისგან შორია). ეს გვაძლევს ორ უპირატესობას: (1) უკეთ მოვემზადოთ ნამდვილი ეპიდემიისთვის, რომელიც მოსალოდენელია, თუმცა არ ვიცით, როდის; (2) ვისწავლოთ სხვა, უფრო განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებიც უკვე შევიდნენ თუ შედიან პიკში.
ჩვენთვის კარგია, რომ განვითარებული ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებს ირჩევენ: მაგალითად, ბრიტანეთი, შვედეთი, ნაწილობრივ გერმანიაც ისეთ მკაცრ ზომებს არ იღებენ, როგორსაც ჩვენ. ამ ქვეყნების შიგნით ეს მძაფრი დისკუსიის საგანია: ზოგი, მაგალითად, ბორის ჯონსონის მიდგომას აქებს, ზოგი – პირიქით. საბოლოოდ, მხოლოდ შედეგები გვიჩვენებს, რომელია სწორი: სანამ ჩვენამდე მოვა დიდი ეპიდემია, იმედი გვაქვს, მეტს ვისწავლით.
გვაქვს ამგვარი ქცევის ალტერნატივა? როგორც ჩანს, არა. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ გლობალურაც არ ვიფიქროთ. მთავარი კითხვაა: ახლა ყველა წესი დავიცვათ, მაგრამ ბოლოს როგორ, რით და როდის უნდა დამთავრდეს ეს პანდემია? მისი შეკავებით და გადადებით კონკრეტულად რას ვაღწევთ? როგორც ჩანს, იმის იმედი, რომ ზაფხული მოვა და გვეშველება, მაინცდამაინც არ უნდა გქონდეს. ვაქცინა სულ მცირე ერთი წელი არ იქნებაო, გვეუბნებიან. მაშ რა? ჯერჯერობით რაც ყველაზე აზრიანი პასუხი გავიგე მცოდნე ხალხისგან, უნდა გამოვიმუშავოთ „ჯოგური იმუნიტეტი“ (herd immunity). მაგრამ ამისთვის აუცილებელია ეს ვირუსი უმრავლესობამ მოვიხადოთ. ანგელა მერკელმა და ბორის ჯონსონმა სწორედ ამისთვის შეამზადეს თავ-თავისი ერები. ოღონდ ამ დროს რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვირუსი მინიმალურად შეხვდეს მოწყვლად ჯგუფებს – მოხუცებს და ავადმყოფებს (ვიღაცა მაინც მოკვდება, ამას ვერ წაუვალთ, მაგრამ ეს რიცხვი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ), რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შევამციროთ (ვიღაც რომ მოკვდება, ამას შეგუებული ვართ).
მაგრამ თუ ასეა, გამოდის, რომ რაღაც მომენტში ვირუსს უნდა „ვაცალოთ“ გავრცელება? რა მომენტია ეს მომენტი? როდესაც ვირუსი ისედაც თავისით გაგვექცევა, თუ ვიღაცამ ამის პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს (რავარი მისაღებია?)
თუ ამ გზით არ წავალთ, ღმერთმა უწყის რამდენ ხანს უნდა ვიყოთ მზარდ სიღარიბეში – სანამ საზოგადოებრივი აზრი არ შიცვლება და არ ვიტყვით: ჯანდაბას, ისევ იმ კორონამ მოკლას ჩვენი 3 თუ თუნდაც 5 პროცენტი, მაგრამ მეტი აღარ შეგვიძლიაო.
კიდევ რა ვარიანტებია?“– ამბობს ნოდია.