უპრეცედენტო მაჩვენებელი – ანტარქტიდაზე პირველად, 20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დააფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს ბრაზილიელმა მეცნიერებმა ანტარქტიდის სეიმოურის კუნძულზე 9 თებერვალს 20.75 გრადუსი დააფიქსირეს, რაც წინა რეკორდზე, 1982 წლის იანვრის მაჩვენებელზე, რომელიც სიგნის კუნძულზე დაფიქსირდა, 1 გრადუსით მეტია.
„ანტარქტიდაზე ასეთი მაღალი ტემპერატურა არასოდეს გვინახავს“, — ამბობს ბრაზილიელი მეცნიერი კარლუს შეფერი.
კარლუს შეფერი 20-წლიან სამეცნიერო პროექტშია ჩართული, რომლის ფარგლებშიც იკვლევენ კლიმატის ცვლილების გავლენას ანტარქტიდის მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგებზე.
„მხოლოდ ამის საფუძველზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ასეთი ტემპერატურა კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. ეს გახლავთ უბრალოდ სიგნალი, რომ ამ ზონაში რაღაც სხვა ხდება“, — ამბობს შეფერი.
ტემპერატურის მატება განაპირობებს ანტარქტიდის მყინვარებისა და ყინულოვანი საფარის დნობის აჩქარებას. შესავამისად ამ დროს იმატებს ზღვის დონე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანაპირო მეგაქალაქებსა და პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებს.