ვამზადებთ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანმა ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვამზადებთ სარჩელს, რომ შევიტანოთ სასამართლოში სასჯელის გადავადების თაობაზე. თანახმა ვართ, რადგან ამ მომენტში მთავარი ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და სხვა გზა არ დაგვრჩენია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირი გზა უარყოფილი იქნა, თუნდაც პრეზიდენტის მიერ. მოვამზადებთ სარჩელს, რომ გადავადდეს სასჯელი და შესაბამის დაწესებულებაში მოხდეს ჩემი ძმის მკურნალობა, სადაც ადეკვატური ექიმები არიან.
ჩვენ ვამზადებთ ასევე სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანმა, ე.წ. პრეზიდენტმა დაარღვია ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად, უდანაშაულობის პრეზუმფცია. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით, პატრიარქის მკვლელობაში. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და პატივისა და ღირსების შელახვის გამო.
სასამართლომ, რომელმაც ჩემს ძმას აბსურდული ბრალდებით 9- წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, რა თქმა უნდა, მცირე შანსებია, რომ დააკმაყოფილოს სარჩელი, მაგრამ ჩვენ, ოჯახი ყველა გზით ვცდილობთ, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. დააკმაყოფილებენ თუ არა, მე ეჭვი მეპარება”,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.