მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეს “მთავარი არხის” ეთერში გაკეთბული განცხადების გამო აკრიტიკებს.
“გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო” – ამბობს დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, განხეთქილება გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა.
ვაშაძემ “ღამის აქცენტებში” განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებზე საუბარი ენმ-მ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიწყო.
“ ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოიპოვება”, – თქვა ვაშაძემ.