ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ უშიშროების სამსახური ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვრის განზრახ კვეთა დაადასტურა.
“დაკითხვის დროს ვაჟა გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ მან საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან სურდა “სოფელ მონასტრის ეკლესიას სწვეოდა”, მაგრამ ამასთან ვერ შეძლო მკაფიოდ ესაუბრა საკუთარ რელიგიურ შეხედულებებზე და რწმენაზე.
ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ეპასუხა თავისი პარტიული კუთვნილების შესახებ დასმულ კითხვებზე და განაცხადა, რომ არის NATO-ში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრე. ის საზღვრის დარღვევას განიხილავს, როგორც “საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლების კანონიერ განხორციელებას”, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს “საქართველოს ტერიტორიად, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ,” ხოლო რუსეთს საქართველოს სახელმწიფოს მთავარ მტრად მიიჩნევს. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის როგორც საქართველოს მოქალაქე იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ, ნორმატიული აქტის ცვლილება,”- ნათქვამია ოკუპირებული რეჟიმის სააგენტო Рес-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.