ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პირველი პრემიერ მინისტრია, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში ცოლს შორდება და სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს. ეს ქალი კერი საიმონდსია, რომელიც ჯონსონზე 23 წლით უმცროსია. ის კონსერვატიულ პარტიაში მუშაობდა, მაგრამ ამჟამად საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული. დიდ ბრიტანეთში ცდილობენ გამოიცნონ, იქნება თუ არა ის პრემიერ მინისტრის გვერდით ოფიციალური ვიზიტების დროს და რა როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკაში.
გოგონა ვარდისფერ კაბაში
25 ივლისის დილას 55 წლის ბორის ჯონსონმა სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის რანგში დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მდებარე რეზიდენციის კართარ. მან პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი მისი დახმარებით გამოვა ტყვეობიდან, რომელშიც 2016 წელს ბრექსითის რეფერენდუმის შემდეგ აღმოჩნდა და რომ ისინი, ვინც დიდი ბრიტანეთის წაგებას ვარაუდობდა, დამარცხდებიან.
ფოტოგრაფები და ოპერატორები ჯონსონის გარდა იმ ადამიანებსაც იღებდნენ, რომლებიც მისგან მარჯვნივ იდგნენ სიტყვის წარმოთქმის დროს.
მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი ღია ფერის გრძელი თმით და ღია ვარდისფერი ყვავილებით დაპრინტული კაბით. ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ეს კაბა Ghost –ის ბრენდისაა და 120 ფუნტი ღირს. იმავე დღეს ასეთი კაბები მთლიანად გაიყიდა.
ვარდისფერკაბიანი გოგონა კერი საიმონდსი აღმოჩნდა. მას მედია დიდი ხანია იცნობს – ის ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პიარ–სპეციალისტი და კონსერვატიული პარტიის პრესის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.
თუმცა ეს მისი პირველი გამოჩენა იყო სხვა – ბორის ჯონსონის მეგობარი ქალის სტატუსით. ჯონსონი ორჯერ იყო დაქორწინებული, ყავს ხუთი შვილი, აქედან ერთი ქორწინების გარეშე ურთიერთობებიდან.
2018 წლის სექტემბერში ჯონსონმა და მისმა მეორე ცოლმა მარინა უილერმა განაცხადეს, რომ დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ და განქორწინების პროცესში არიან. მაშინვე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსი კერი საიმონდსს ხვდებოდა.
ზაფხულში ტაბლოიდები მათ რომანზე წერდნენ როგორც დადასტურებულ ფაქტზე, ივლისის ბოლოს კი გამოცხადდა, რომ კერი ბორისთან ერთად დაუნინგ–სთრითის რეზიდენციაში გადავა.
“ჩვენ ერთად ვისადილეთ რამდენიმე წლის წინ. ის მისი თაობის სხვა პოლიტიკოსებს გავს – ჭკვიანია, მომხიბვლელია, მშვენიერია, ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან კარგია“ – ამბობს ბიბისის პოლიტიკური მიმომხილველი რობ უოტსონი.
კერი საიმონდსი ამჟამად 31 წლის არის. მამამისი ჟურნალისტი და ლიბერალური გაზეთის, Independent–ის დამფუძნებელი მეთიუ საიმონოდსია. დედა ამავე გამოცემის ყოფილი იურისტი ჯოზეფინა მაკაფი.
კერი ლონდონის დასავლეთში პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, სადაც სწავლა წელიწადში 15 000 ფუნტი ღირს. დაამთავრა უირიკის უნივერსიტეტი ხელოვნების და თეატრის ისტორიის განხრით.
2012 წელს საიმონდსმა და ჯონსონმა პირველად გაიცნეს ერთმანეთი – 24 წლის სპეციალისტი მის შტაბში ლონდონის მერის არჩევნების დროს მუშაობდა. ის არჩევნები ჯონსონმა მოიგო.
2018 წელს, რამდენიმე თვით ადრე, სანამ პრესა ჯონსონთან მის ურთიერთობებზე ალაპარაკდებოდა, კერი საიმონდსი კონსერვატიული პარტიიდან წავიდა და ამჟამად მსოფლიო ოკეანის დაცვის საქველმოქმედო პროგრამებზე მუშაობს.
ძალადობის მსხვერპლი
2007 წლის ივლისში 19 წლის სტუდენტი, კერი საიმონდსი წვეულებიდან წავიდა და ლონდონში ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როცა შავი კები მიუახლოვდა. მძღოლმა სახლში წაყვანა შესთავაზა. სამონდსმა უთხრა, რომ ტაქსის ფული არ ქონდა. თუმცა მძღოლმა უთხრა, რომ ისედაც მისი მიმარულებით მიდიოდა და ფული არ იყო საჭირო.
გოგონას არ ახსოვს, რა მოხდა შემდეგ – გონს რომ მოვიდა უკვე სახლში იყო. როგორც დედამისი ყვება, გოგონა ფეხზე ძლივს იდგა. საიმონდსი ამბობს, რომ არ ახსოვს, გააუპატიურა თუ არა ის კების მძღოლმა.
ეს არის ერთი მძიმე ეპიზოდი კერი საიმონდსის ცხოვრებიდან. თუმცა მისი ცხოვრების შსახებ მედიისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. ბრიტანულმა მედიამ უკვე უწოდა მას სამომავლოდ “საზარბაზნე ხორცი“ ტაბლოიდებისთვის. ამიერიდან მისი ცხოვრების ყველა დეტალი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდება.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ინციდენტის ყველა მონაწილეს ესაუბრნენ და საქმის შემდგომი მსვლელობის საფუძველი არ არსებობდა. ბორის ჯონსონის წარმომადგენლებმა ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.
რამდენიმე დღეში გაზეთებში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც წყვილი ერთად იჯდა მაგიდასთან ნაზად ხელჩაკიდებული. ჟურნალისტებმა პოლიტიკოსი ფოტოს “დადგმაში“ და პრესაში შეგნებულად გავრცელებაში დაადანაშაულეს, რათა მის წინასაარჩევნო კამპანიას ჩრდილი არ მიდგომოდა. თავად ჯონსონი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა.
ურთიერთობების კომენტირებას ჯონსონიც ერიდება და მისი მეგობარი ქალიც.საიმონდსი თითქმის ყოველდღიურად წერს ტვიტერში გარემოს დაბინძურებაზე და სხვა პრობლემებზე: ქალების წინდაცვეთიდან დაწყებული ბავშვების და ცხოველების უფლებებით დამთავრებული. მისი პირადი ისტორიები სოციალურ ქსელში არ იძებნება. ჯონსონმა კი პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: “ არ ვაპირებ პრესას მოვუყვე იმ ადამიანებზე, ვინც მიყვარს.“
რას იტყვის დედოფალი
პოლიტიკური მიმომხილველების და ექსპერტების აზრით კერი საიმონდსს ახლა მთელი ბრიტანეთი მისჩერებია და მისი ამჟამინდელი პოზიცია უნიკალურია – დაუნინგ სტრიტის რეზიდენციაში დაუქორწინებელ წყვილს მისი გახსნის მომენტიდან– 18–ე საუკუნიდან არ უცხოვრია.
არჩევიდან მალევე ჯონსონი შოტლანდიაში წავიდა, სადაც ელისაბედ მეორეს საფხულო რეზიდენციაში, ბალმორალში ესტუმრა. ის მარტო იყო. სამეფო ოჯახის ექსპერტები ამბობენ, რომ მეგობარ ქალთან ერთად დედოფალთან პრემიერის მისვლა ყველასთვის “საშინელი უხერხულობა“ იქნებოდა, რადგან ჯონსონი ფორმალურად ჯერ კიდევ არ არის განქორწინებული ყოფილ ცოლთან, დედოფალი კი ასეა თუ ისე ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია.