სლოვაკეთის მოსახლეობამ გასულ კვირას პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ზუზანა ჩაპუტოვა ლიბერალი გარემოსდამცველი აქტივისტი და ახალბედა პოლიტიკოსია, რომელიც ხალხს კორუფციის დამარცხებასა და გამჭვირვალობას დაჰპირდა.
ჩაპუტოვას მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი იყო ის, რომ მმართველმა ძალამ და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა “სახელმწიფო მიიტაცეს”. ეს გზავნილი განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ახალგაზრდა, განათლებულ ამომრჩეველში.
მართალია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაპუტოვა შედარებით ახალბედაა, მაგრამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც მას მანამდეც იცნობდნენ, როგორც ლიბერალ იურისტს.
საბოლოო გამარჯვება ჩაპუტოვამ არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, პირველ ტურშიც მას მთავარ მოწინააღმდეგეზე 20 %-ით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა მიღებული. მეორე ტურში კი ჩაპუტოვამ ვეტერანი დიპლომატი, მაროშ შევჩოვიჩი ხმათა 58 %-ით დაამარცხა. ამ უკანასკნელს მხარს მმართველი პარტია, სმერი უჭერდა.
ხელისუფლება ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2017 წლის განმავლობაში, დიდხანს უგულებელყოფდა ანტიკორუფციული მოთხოვნებით ქუჩაში გამოსული ხალხის პროტესტს, მაგრამ 2018 წლის თებერვალში მომხდარი ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო იძულებული გახდა გადამდგარიყო. 27 წლის ჟურნალისტი იან კუჩიაკი საცოლესთან ერთად საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. კუჩიაკი გამომძიებელი ჟურნალისტი იყო და ინტერნეტგამოცემა Aktuality.sk-ისთვის მუშაობდა. ჩაპუტოვა ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ აგორებული პროტესტის აქტიური მონაწილე იყო, მოსახლეობას მოუწოდებდა დაპირისპირებოდნენ ბოროტებას და პოლიტიკური ისტებლიშმენტის შერყევის პირობას დებდა, რომელიც მისი თქმით კულისებიდან იმართებოდა.
ჩაპუტოვას მოწინააღმდეგემ მაროშ შევჩოვიჩმა მასზე თითქმის 20 %-ით ნაკლები ხმები მიიღო. შეფჩოვიჩი გამოცილი დიპლომატია. 2009 წლიდან ევროკომისიის წევრია, 2014 წლიდან კი ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტია. პროდასავლური კურსის მქონე კანდიდატს მხარს მმართველი პარტია უჭერდა. “სმერი” ქვეყნის პოლიტიკაში 2006 წლიდან დომინირებს და ახლაც, კვლავ ყველაზე პოპულარული პარტიაა, მაგრამ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა მათ მომავალი წლის არჩევნებში პარლამენტში გავლენა დააკარგინოს.
45 წლის ზუზანა ჩაპუტოვა არასაპარლამენტო ლიბერალური პარტიის “პროგრესული სლოვაკეთის“ წევრია, თუმცა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტიას დატოვებდა. ამაში მას მმართველი პარტიის კოალიციაში მყოფი, უნგრული უმცირესობის წარმომადგენელი პარტია და სხვა, ოპოზიციური პარტიებიც უჭერდნენ მხარს. კაპუტოვამ გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ამომრჩეველს მადლობა სლოვაკურის გარდა, უნგრულ, ჩეხურ და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე გადაუხადა.
ანალიტიკოსებმა უკვე შეაფასეს ჩაპუტოვას გამარჯვება, როგორც პოპულისტების და ევროპული ერთობის მოწინააღმდეგეთა მარცხი. თუმცა მათივე თქმით, ლიბერალი პრეზიდენტის გამარჯვებამ შესაძლოა სისტემის მოწინააღმდეგეთა, სმერ-ის მხარდამჭერთა და სხვათა მობილიზაციაც კი გამოიწვიოს. ყოფილმა პრემიერმა, ფიკომ გასულ კვირას ლიბერალებს უკვე უწოდა „ხალხი ღირებულებების გარეშე“.
ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის პრეზიდენტის პოსტს ივნისში დაიკავებს. ის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი იქნება მას შემდეგ, რაც 1993 წელს სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. პოსტზე ლიმიტირებული უფლებამოსილება ექნება, თუმცა მას შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. საინტერესოა, რომ ამ უფლებით მას შეეძლება ხელი შეუშალოს გადამდგარი პრემიერის, რობერტ ფიკოს სურვილს, პოლიტიკის დატოვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. პრეზიდენტს შეუძლია მისი კანდიდატურა არ დაამტკიცოს.