ვინ რჩება რუსთავი2–ში და ვინ მიდის. მაია ასათიანის პროფილი სავარაუდოდ ისევ რუსთავი2–ზე გავა

რუსთავი2–ზე უკვე მეოთხე დღეა ეთერში საინფორმაციო გამოშვებები არ გადის. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არხი საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა.

უკვე ცნობილია, რომ ნიკა გვარამია ახალ არხს ხნის და რუსთავი2–ის თანამშრომელთა დიდი ნაწილი სამუშაოდ იქ გადავა. გვარამიამ ღიად რამდენჯერმე მიიწვია ახალ არხზე რუსთავი2–ის თანამშრომლები.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალ არხზე იმუშავებენ ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია, რომლებიც რუსთავი2–ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულთა რიცხვშია ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ასევე ახალ არხზე გააკეთებს შოუს.

სავარაუდოდ ახალ არხზე გადავა კომედი ჯგუფის მთელი შემადგენლობა. ამჟამად თანამშრომელთა დიდი ნაწილი შვებულებაშია და შესაბამისად, ფორმალურად იმის გაფორმება, ვინ რჩება და ვინ მიდის, მოგვიანებით მოხდება. თუმცა რუსთავი2–ის დიდი ალბათობით დატოვებს ვანო ჯავახიშვილიც და ის გვარამიას ახალ ტელევიზიაში გადავა.
არხი უკვე დატოვეს შაბათის და კვირის შუადღის წამყვანებმა, ასევე “სხვა შუაღამის“ წამყვანთა სრულმა შემადგენლობამ, მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელმა მარინა ბერიძემ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსთავი2–ზე შესაძლოა რამდენიმე სახე დარჩეს. საუბარია დილის და შუადღის გადაცემის რამდენიმე წამყვანზე.

მათ გარდა რუსთავი2–ზე დიდი ალბათობით დარჩება მაია ასათიანი. სხვების მსგავსად ამჟამად ისიც შვებულებაშია და კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსთავი2–ზე ქიბარ ხალვაშის მფლობელობა გაფორმდა და არხის ახალი დირექტორი დაინიშნა, რუსთავი ორის შიგნით და ზოგადად არხთან დაკავშირებით კი მწვავე პროცესები დაწყო, მაია ასათიანი არ გამოჩენილა და არც კომენტარი გაუკეთებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რუსთავი2–ში დარჩენას აპირებს.