24 მაისს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს თანამდებობიდან წავა. მისი შემცვლელი მმართველი კონსერვატიული პარტიდან უნდა მოიძებნოს. საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 2022 წელს არის.
კონსერვატორებს უნდათ ახალი ლიდერი პარტიის ყოველწლიურ კონფერენციამდე აირჩიონ, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
შიდაპარტიული გამოკითხვებით ლიდერობს ლონდონის ყოფილი მერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი , თუმცა მას პარტის შიგნით მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს.
კონსერვატორებმა ბრექსითით გახლეჩილი პარტია უნდა შეადუღაბონ, ჯონსონი კი კომპრომისების დიდოსტატი ნამდვილად არ გახლავთ.
ბორის ჯონსონს თანაპარტიელების 32.4% უჭერ მხარს. ამდენივე პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს დანარჩენ 15 კანდიდატს ერთად აღებულს. თუმცა ჯონსონს პრემიერ მინისტრის პოსტი ჯერჯერობით გარანტირებული არ აქვს. ის პარტიის რეიტინგის ლიდერი 2016 წელსაც იყო, თუმცა საკუთარი კანდიდატურა შიდაინტრიგების გამო არც კი წამოაყენა და პრემიერი ტერეზა მეი გახდა. ჯონსონი ერთ–ერთი მთავარია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთა წყალობით ბრექსითი საერთოდ შესაძლებელი გახდა.
მას შემდეგ, რაც პრემიერობა ტერეზა მეის დაუთმო, ის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. თუმცა, ამ როლისთვის არასაკმარისად დიპლომატიური იყო.
ის ევროკავშირს ადანაშაულებდა, რომ ბრიუსელის პოლიტიკამ უკრაინაში ომი გამოიწვია, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს ურჩხულს უწოდებდა, რუსეთის პრეზიდენტს კი ელფ დობის ადარებდა ჰარი პოტერიდან. ასეთმა კარიერამ ლოგიკურად თანამდებობიდან მისი წასვლა გამოიწვია. ჯონსონმა პოსტი ევროკავშირთან მისი აზრით “ძალიან მსუბუქი შეთანხმების გამო“ დატოვა, არადა ეს შეთანხმება მისმა პარტიამ მოამზადა.
ბოლო თვეებში ჯონსონი შეიძლება ითქვას სათადარიგო სკამზე მჯდომი დეპუტატი იყო. ის დაუნდობლად აკრიტიკებდა ტერეზა მეის და მუდმივად ვარდებოდა უხერხულ სიტუაციებში. მაგალითად, 3 მაისს განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მისცა ხმა, არადა მის ოლქში იმ დღეს არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა.