ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ქალაქ ვირჯინია ბიჩში სახელმწიფო მოხელემ მუნიციპალური კომპლექსში სროლა დაიწყო და 12 ადამიანი მოკლა. დაიღუპა თავად მსროლელიც.
ვაშინგტონიდან 355 კილომეტრში მდებარე ქალაქში სროლის შესახებ პოლიციამ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16 საათზე მიიღო. მამაკაცმა მერიის და სასამართლო შენობის სიახლოვეს მდებარე კომპლექსში, სადაც ქალაქის კომუნალური სამსახურების ოფისებია განლაგებული ცეცხლი გახსნა.
მედიის ცნობით მამაკაცი წლების მანძილზე კომუნალური მომსახურების სფეროში მუშაობდა, თუმცა ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. პოლიციის შეფმა დაადასტურა, რომ ცეცხლი სამსახურიდან გათავისუფლებით უკმაყოფილო ადამიანმა გახსნა. პოლიციის ინფორმაციით ის მარტო მოქმედებდა, შენობაში შევიდა და დაუყოვნებლივ დაიწყო სროლა კონკრეტული სამიზნის გარეშე.
გარდაცვლილების გარდა არიან დაჭრილებიც. მსროლელი საბოლოოდ პოლიციამ მოკლა. პოლიციამ ადგილზე პისტოლეტი და ვინტოვკა იპოვნა. წინასწარი ინფორმაციით მკვლელმა იარაღი კანონიერი გზით შეიძინა.