VKontakte-ში მედვედევმა დაწერა და შემდეგ წაშალა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში გაჩნდა დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს. პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.მედვედევის პოსტში ეწერა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად.

“არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა და მალოროსიის ყველა ტერიტორიის ნაციონალისტების ბანდებისგან განთავისუფლების შემდეგ, რომლებმაც უკრაინელობა თავადვე მოიგონეს, რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. ამის შემდეგ, მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რათა ჩვენი სამშობლოს საზღვრები აღვადგინოთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება.

ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს”, – ეწერა პოსტში.