“მთავარია ყველამ ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით”- ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, გადაცემა “სპექტრში” გააკეთა.
“მე ვთქვი რაც სათქმელი მქონდა, ამას კომენტარები გაუკეთეს ისე როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ჟურნალისტებმა მიიღეს განსახილველი თემა.
მინდა ხაზი გავუსვა, არ მითქვია მე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამსახურება არისმეთქი, ვთქვი რომ ჩვენ საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარითქო, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ხაზს ვუსვამ. მე არ მითქვია, რომ 1990-იანი წლების აღდგენიდან სხვა დანარჩენი პარტიები ამას ითხოვდნენ.
ჩემთვის პრობლემა არ არის აბსოლუტურად, კონსტიტუციური უფლება აქვს ყველას ყველაფერი ილაპარაკოს, ამისთანა განცხადებები კიდევ 150 ათასი იქნება, მთავარია, საშუალება გვქონდეს ყველამ ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით”-განაცხადა ვაშაძემ დავით აქუბარდიას გადაცემა “სპექტრში”.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას გადაცემა “კვირის აქცენტებში” ოპოზიციურ პარტიებში უკმაყოფილება მოჰყვა.
“გირჩმა”გრიგოლ ვაშაძის განცხადება გააპროტესტა.
“ისინი თუ ეს ადამიანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” აზრის გამხმოვანებელი შეხვედრებზე, ჩვენ იმ შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ვაშაძის განცხადების შინაარსი გააპროტესტეს ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობაშიც”.
“პოლიტიკურ გაუმაძღრობას და ამპარტავნობას თუ არ მოთოკავთ დარჩებით ისევ თქვენი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეების ამარა იმ მაგიდაზეც”-აგანაცხადა “სამოქალაქო მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ლევან იოსელიანმა.
ვაშაძემ “ღამის აქცენტებში” განაცხადა, რომ თავდაპირველად პროპორციულ არჩევნებზე საუბარი ენმ-მ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიწყო.