გამოცემა Wall Street Journal ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სამი შვილი ყავს ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან და აშშ განიხილავდა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, თუმცა ბოლო მომენტში ამ იდეაზე უარი თქვა.
აქამდე პუტინისა და კაბაევას ურთიერთობების თემა ტაბუირებული იყო, თანაც არა მხოლოდ რუსულ მედიაში, არამედ დასავლური მედიის დიდ ნაწილშიც.
საინფორმაციო საბაბი ამერიკული საქმიანი გამოცემა Wall Street Journal–ისთვის გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაბაევა შესაძლოა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების სიაში მოხვედრილიყო, თუმცა საბლოოდ ამ სიაში არ მოხვდა, თითქოს და იმის გამო, რომ პუტინის გაბრაზებას მოერიდნენ.
ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, ამიტომაც გთავაზობთ იმას, რაც Wall Street Journal–მა დაწერა:
გამოცემა ანონიმურ ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ–ს ხელისუფლება 39 წლის კაბაევას რუსეთის პრეზიდენტის საყვარლად თვლის, რომლისგანაც მას მინიმუმ 3 შვილი ყავს. ასევე ეჭვობენ, რომ სწორედ კაბაევა მალავს პუტინის პირად ქონებას საზღვარგარეთ.
Wall Street Journal–ის ინფორმაციით, კაბაევა ამერიკული სანქციების პოტენციური სამიზნეა, თუმცა იმ ოფიციალურ პირებს შორის, ვინც ამ საკითხს განიხილავენ, არსებობს აზრი, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ტანმოვარჯიშის მიმართ სანქციები პუტინზე პირად დარტყმად აღიქმება, ამან კი შეიძლება რუსეთსა და აშშ–ს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს.
აშშ–ს და ევროპის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კაბაევა დიდ დროს ატარებდა შვეიცარიაში. ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც ტანმოვარჯიშის გადაადგილებების შესახებ ინფორმირებულნი არიან, ამტკიცებენ, რომ ის ჟენევასთან ახლოს, ცალკე მდგომ, მაღალი კედლებით გარშემორტყმულ სახლში ცხოვრობდა.
Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ამ თვეში უკრაინის ხელისუფლებამ შვეიცარიის ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი მოთხოვნით, კაბაევას ქვეყანაში შესვლა აეკრძალოს და მისი ქონება დაყადაღდეს, თუმცა შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულებები კაბაევას მათ ქვეყანაში ყოფნის შესახებ.
Wall Street Journal მკითხვებს ახსენებს, რომ კაბაევას გვარი პირველად კრემლის საიტზე 2001 წელს იქნა მოხსენიებული. 2008 წელს გაზეთმა “მასკოვსკი კორესპონდენტმა“ დაწერა, რომ პუტინმა, რომელიც იმ მომენტში ლუდმილა პუტინაზე იყო დაქორწინებული, კაბაევას ცოლობა შესთავაზა. Wall Street Journal წერს, რომ პუტინის რეაქცია ამ პუბლიკაციაზე კატეგორიული უარყოფა იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაზეთი დაიხურა. სწორედ ამ პერიოდში კაბაევა სპორტიდან წავიდა და რუსეთის დუმის დეპუტატი გახდა პარტია “ედინაია რასიადან“, 2014 წელს კი პარლამენტი დატოვა და ჰოლდინგ “ნაციონალური მედია–ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
Wall Street Journal–ის ცნობით, 2013 წლიდან კაბაევამ და მისმა ნათესავებმა რუსეთში ექვსი ბინა, ორი სახლი და მიწის ნაკვეთები შეიძინეს რუსეთის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე. კაბაევამ და მისი ოჯახის წევრებმა გამოცემის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებს არ უპასუხეს.
გამოცემის წყაროები, რომელთა შორის შვეიცარიელი, ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკები არიან, ამტკიცებენ, რომ 2015 წელს კაბაევამ პუტინისგან შვილი გააჩინა. მშობიარობა ელიტარულ შვეიცარულ კლინიკაში მოხდა, საიდანაც ლუგანოს ტბაზე იშლება ხედი. მაშინ მედია წერდა, რომ პუტინი საჯაროდ არსად გამოჩენილა 8 დღის განმავლობაში და ვარაუდობდნენ, რომ ის კაბაევასთან ერთად იყო. კრემლში მაშინ განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
2019 წელს, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რომელიც ამერიკელი ჩინოვნიკია, კაბაევამ მოსკოვში ტყუპები გააჩინა. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია “მოსკოვსკი კომსომოლეცის“ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა მალევე წაიშალა.
აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც Wall Street Journal–ის წყაროს ცნობით, უკვე მოამზადა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, გამოცემას კომენტარზე უარი უთხრა.
რა ვიცით პუტინის შვილების შესახებ
პუტინს ორი ქალიშვილი ყავს ლუდმილა პუტინასთან ქორწინებიდან. პირველ ცოლთან განქორწინების შესახებ მან 2013 წელს განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ ოჯახზე საუბარი არ უყვარს. მისი ბოლო ფოტო ქალიშვილებთან ერთად 2002 წელს გამოქვეყნდა.
6 აპრილს აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები შემოიღო კატერინა ვლადიმეროვნა ტიხონოვასა და მარია ვლადიმეროვნა ვორონცოვას წინააღმდეგ – სწორედ ისინი არიან ვლადიმერ პუტინის შვილები ოფიციალური ქორწინებიდან, თუმცა ანონიმურობის დაცვის მიზნით სხვა გვარს ატარებენ.
2020 წლის შემოდგომაზე გამოცემა “პროექტი“ წერდა პეტერბურგელ ქალზე – სვეტლანა კრივონოგიხზე, რომელიც თითქოს პუტინის საყვარელი იყო, იღებდა ძვირფას საჩუქრებს მისი მეგობრებისგან და ბანკ “რასიას“ აქციონერიც გახდა. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერდა, კრივონოგიხის ქალიშვილი ელიზავეტა უჩვეულოდ გავს რუსეთის პრეზიდენტს. მედია მაშინ შედარებისთვის პუტინის ახალგაზრდობის და გოგონას ფოტოებს ერთად აქვეყნებდა.
პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა კრივონოგიხზე კომენტარისას თქვა, რომ პირველად ესმის ასეთი ქალის არსებობის შესახებ.
პუტინის ფარული საყვარლების და შვილების შესახებ ინფორმაციას ბოლო დროს ხშირად ეხება სოლიდური დასავლური მედია, რომლებიც როგორც წესი, პოლიტიკოსების პირად ცხოვრებაზე ჭორებს ნაკლებად აშუქებს. რა არის ამის მიზეზი? მაგალითად ბიბისი განმარტავს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური ლიდერის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, რადგან მისი ოჯახის წევრები საკუთარ მდგომარეობას გამდიდრებისთვის იყენებენ.
პუტინი მკაცრად ასაიდუმლოებს მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას. თუმცა ის, რის გაგებასაც მედია ახერხებს, თითქმის ყოველთვის ამის მტკიცებულებაა. მაგალითად, ერთ–ერთი მისი ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა სამეცნიერო ფონდ “ინოპრაქტიკას“ ხელმძღვანელობს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ხელისუფლებიდან მრავალრიცხოვან სუბსიდიებს იღებს.
მედია წერს, რომ პუტინის სავარაუდო მესამე ქალიშვილის დედა, სვეტლანა კრივონოგიხ ბანკ “რასიას“ აქციონერია, რომელსაც აშშ–ს ხელისუფლება პუტინის უახლოესი გარემოცვის ბანკს უწოდებდა.
იგივე სიტუაციაა ალინა კაბაევასთან დაკავშირებით: ის “ნაციონალური მედიაჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს, რომლის ძირითადი აქციონერი იგივე ბანკი “რასიაა. ეს ჯგუფი რამდენიმე პოპულარულ ტელეარხს ფლობს, მათ შორის სახელმწიფო “პირველი არხის“ წილს. უნდა ითქვას, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ კაბაევას გვარი ჰოლდინგის საიტიდან გაქრა.