Washington Examiner ამერიკელი ჟურნალისტის და პოლიტიკური ანალიტიკოსის, ტომ როგანის სტატიას აქვეყნებს ქართული ოცნების იმედების შესახებ, რომ აშშ–ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დალაგებას შეძლებს. ანალიტიკოსი, რომელიც ხშირად წერს აშშ–ს საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების და გეოპოლიტიკურ საკითხებზე, თვლის, რომ ივანიშვილის იმედები უსაფუძვლოა. გთავაზობთ გამოქვეყნებულ სტატიას სრულად:
2024 წლის ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებსაც ახლდა მთავრობის მიერ ორგანიზებული დაშინება და აშკარა გაყალბება, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპულ კავშირში გაწევრიანების მცდელობები. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ამ მიზანს. ამ სამართლებრივი ვალდებულებების ღალატზე საპასუხოდ, ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში, რათა მოითხოვოს მთავრობის კონსტიტუციური ერთგულების აღდგენა.
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” არ გამოხატავს სინანულს. პირიქით, მან უპასუხა დაუნდობელი სისასტიკით, რომლითაც ცდილობს საპროტესტო აქციების ჩახშობას. ასობით ადამიანი სასტიკად სცემეს და/ან უკანონოდ დააკავეს. მედია ასევე მიზანმიმართულად გახდა ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე, რომლებიც მოქმედებენ მთავრობის მითითებით. ამ ყველაფრის მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია.
მიუხედავად იმისა, რომ ის „ქართული ოცნების“ მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეა, ბიძინა ივანიშვილი რეალურად ძალაუფლების მთავარი წყაროა. ოლიგარქმა მილიარდერმა, რომელიც ფლობს შინაურ ზვიგენებს, თავისი ქონება რუსეთში პოსტსაბჭოთა ინდუსტრიების ძარცვით დააგროვა. დღეს ის თავის ძალაუფლებას უკონტროლო კორუფციისთვის იყენებს, სახელმწიფო რესურსებსა და მომგებიან კონტრაქტებს თავის ოჯახსა და ერთგულებს გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააპირა სანქციების დაწესება ივანიშვილზე, ეს არ განუხორციელებია. ეს სისუსტე ოლიგარქმა და მისმა კორუმპირებულმა მთავრობამ შეამჩნიეს. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ აკეთონ რაც სურთ, სერიოზული საპასუხო ზომების შიშის გარეშე.
ახლა ეს ყველაფერი დონალდ ტრამპამდ მიდის. საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობის საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული ურთიერთობა თბილისის მთავრობასთან. თუმცა „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, ტრამპმა უგულებელყოს მათი სისასტიკე და კორუფცია. პარტიას სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმები. „ქართული ოცნება“ ასევე იმედოვნებს, რომ ტრამპი არ გაითვალისწინებს რუსეთისადმი მათ მორჩილებას, პრემიერ-მინისტრის დასწრებას ჰამასის ლიდერის დაკრძალვაზე და ჩინური სტრატეგიული ინტერესების მხარდაჭერას. ეს უკანასკნელი საკითხი გამოიხატება მთავრობის მიერ პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერაში და ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესების უპირობო მხარდაჭერაში.
„ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ტრამპი მათთან ისეთივე დამოკიდებულებას გამოავლენს, როგორსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიმართ აჩვენებს. ეს კი ნიშნავს, რომ მიესალმება მათ რიტორიკულ მხარდაჭერას, თუმცა უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უკეთესი ინტერესების ღალატს.
სამწუხაროდ ივანიშვილისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპმა მისი გამოგონილი სიცრუე დაიჯეროს. როგორც თავისი პირველი ვადის განმავლობაში Nord Stream II–ის ენერგეტიკული მილსადენის სანქციების დაწესებით აჩვენა, ტრამპმა მზადყოფნა გამოავლინა იმ ეკონომიკური ინტერესებს დაარტყას, რომლებიც აშშ-ის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ასუსტებენ. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სწორედ იმ ყველაფერს განასახიერებენ, რაც ტრამპის პოლიტიკურ იდენტობას განსაზღვრავს: კორუმპირებული ელიტა, რომელიც მოქმედებს ჩვეულებრივი ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. შესაბამისად, ტრამპის დაბრუნების მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილმა უნდა ინერვიულოს სანქციების, მათ შორის მეორადი სანქციების, შესაძლო შედეგებზე, რომლებიც მის ინტერესებს შეეხება. „ქართული ოცნების“ მთავრობასაც იგივე უნდა აშინებდეს.
მთავარი საკითხია, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპისა და ამერიკის მეგობარი არ არის. ამის დასტურად თავად პრეზიდენტად დეზიგნირბული მიხეილ ყაველაშვილის სიტყვები გამოდგება.
ყოფილი ფეხბურთის ვარსკვლავი ყაველაშვილი ადანაშაულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ სისასტიკეში, რაც მისმა პარტნიორებმა თანამოქალაქეებს გაუკეთეს. ძლიერი ანტიამერიკული შეხედულებებით გამორჩეული ყაველაშვილი, ივნისში, კონგრესის წევრებს, მათ შორის წამყვან რესპუბლიკელებს, თავს დაესხა და „ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუშრეტელი სურვილი“ დააბრალა. და, მკვეთრად განსხვავებით ტრამპის შემრიგებლური რიტორიკისგან, რომელიც მან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაატარა, ყაველაშვილმა პოლიტიკური ოპონენტები გააფრთხილა, რომ ისინი „აშშ-ის კონგრესში საქართველოს ადამიანის უფლებათა კრიზისზე ჩვენების მიცემისთვის“ მძიმე შედეგებს წააწყდებოდნენ. მისი სიტყვებით, „არჩევნების შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას სათანადო ადგილს მიუჩენს ამ უპრეცედენტო ღალატისთვის!“
უდანაშაულო ქართველების სისხლსა და გატეხილ თვალბუდეებში მსოფლიო ხედავს, რა იგულისხმებოდა ყაველაშვილის „სათანადო ადგილში“. თუმცა ყაველაშვილი გამონაკლისი არ არის. ივანიშვილმა ყაველაშვილს „ქართული კაცის განსახიერება“ უწოდა. ეს ბევრს ამბობს ოლიგარქ მეფეზე, რომელმაც ასეთი აშკარა ანტიამერიკელი ასეთი აღტაცებით შეაქო.
ტრამპმა „ქართული ოცნება“ უნდა შეაფასოს ისეთი, როგორიც არის: კორუმპირებული ყაჩაღების ჯგუფი, რომელიც ცდილობს საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხის დამორჩილებას, რათა უკეთ გაამდიდრონ საკუთარი თავი და უკეთ ემსახურონ ამერიკის მტრებს მოსკოვში და პეკინში. ჯგუფი, რომელიც გაცილებით მეტად იმსახურებს ტრამპის სანქციებით დატვირთულ კრიტიკას, ვიდრე მეგობრობის შეთავაზებას.