გამოცემა Washington Post წერს დოკუმენტზე, რომელიც დაუდგენელი ევროპული ქვეყნის დაზვერვამ მოიპოვა, და რომელიც მომზადდა კრემლისთვის ანალიტიკური ცენტრის მიერ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს FSB-ის მეხუთე სამსახურთან (რომელიც უკრაინაში ოპერაციებს კურირებს).
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტრამპის გეგმა 100 დღეში მშვიდობის მიღწევის შესახებ არარეალისტურია, ხოლო უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა 2026 წლამდე შეუძლებელია.
ავტორების აზრით, თუ ოკუპირებული ტერიტორიების რუსულ მფლობელობას არ აღიარებენ, ომი შესაძლოა შეერთებული შტატების შემდეგი ადმინისტრაციის პირობებში კვლავ განახლდეს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინისგან არამარტო ამ ტერიტორიების აღიარებაა საჭირო, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში (ბრიანსკისა და ბელგოროდის რეგიონების საზღვართან) ბუფერული ზონის შექმნა, ასევე დემილიტარიზებული ზონა სამხრეთ უკრაინაში, ყირიმთან ახლოს.
ეს ზონა მოიცავს ოდესის რეგიონსაც. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის შესაძლო დათმობები, მაგალითად, NATO-ში გაწევრებაზე უარის თქმა და არჩევნების ჩატარება, რომლებშიც პრორუსულ პარტიებს მონაწილეობა ექნებათ, არასაკმარისია.
„რეალურად, ამჟამინდელი კიევის რეჟიმის შეცვლა ქვეყნის შიგნიდან შეუძლებელია. აუცილებელია მისი სრული დემონტაჟი“, – ციტირებს გაზეთი დოკუმენტის ინგლისურ თარგმანს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ძალები (მათ შორის არაევროპულიც) საჭირო არ არის, რადგან ისინი „დასავლეთის საკმარისად ძლიერ გავლენას განიცდიან“.
გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:
რუსეთმა უნდა იმუშაოს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებში აშშ-ის პოზიციის დასასუსტებლად, ტრამპის ადმინისტრაციასა და სხვა ქვეყნებს შორის დაძაბულობის გაღვივებით, პარალელურად კი მოსკოვმა უნდა გააგრძელოს უკრაინული სახელმწიფოს დემონტაჟი, – ნათქვამია კრემლისთვის მომზადებულ დოკუმენტში.
დოკუმენტი, რომელიც თებერვალში შეადგინა მოსკოვში გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) მჭიდროდ თანამშრომლობს, ასახავს რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს უკრაინის კონფლიქტის შესაძლო დასრულების შესახებ.
დოკუმენტი უარყოფს დონალდ ტრამპის წინასწარ გეგმას, რომ 100 დღეში მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწევს, და აცხადებს, რომ „უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა 2026 წლამდე შეუძლებელია“.
დოკუმენტი ასევე უარყოფს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ შემოთავაზებულ გეგმას უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ და მოითხოვს რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნას, რუსეთის ბრიანსკისა და ბელგოროდის რეგიონებთან საზღვარზე, ასევე დემილიტარიზებული ზონის შექმნას სამხრეთ უკრაინაში, ყირიმთან ახლოს, რომელიც ოდესის რეგიონსაც მოიცავს.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია „ამჟამინდელი უკრაინული მთავრობის სრული დემონტაჟის“ საჭიროება.
დოკუმენტი, რომელიც ევროპულმა დაზვერვამ მოიპოვა და The Washington Post-მა გადაამოწმა აჩვენებს ტრამპის წინაშე არსებულ სირთულეებს რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კიევმა უკვე დაუჭირა მხარი ვაშინგტონის 30-დღიანი ზავის წინადადებას, რაც თითქოს ხელს უწყობს აშშ-სა და უკრაინას შორის უთანხმოების შემცირებას.
მიუხედავად ამისა, რუსეთი ჯერ არ იძლევა სიგნალს, რომ ის ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება. ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ მრავალი გზა აქვს, რათა გააჭიანუროს ნებისმიერი დროებითი ზავის შეთანხმება, და ამბობენ, რომ გრძელვადიანი მშვიდობის შეთანხმების გზა კვლავ სარისკო და რთულია.
„რუსეთს არ აქვს ინტერესი, რომ უკრაინის კრიზისი სწრაფად გადაწყდეს,“ – ამბობს თომას გრეჰემი, რომელიც ჯორჯ ბუშის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის საკითხებს კურირებდა და ახლა საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) წევრია.
„ისინი ყოველთვის საუბრობენ კონფლიქტის ფესვებზე, რაც, როგორც ცნობილია, უკავშირდება უკრაინის შიდა პოლიტიკას და, კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს – ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, რაც NATO-ს როლს მოიცავს. და უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ამას არ ითვალისწინებს, რუსეთს არ აინტერესებს. და, როგორც ჩანს, ტრამპი ამას ვერ ხვდება.“
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ „ასეთ რეკომენდაციებზე ინფორმაცია არ აქვს“, მათ „უკიდურესად წინააღმდეგობრივი“ უწოდა და დაამატა: „ჩვენ უფრო გააზრებულ ვარიანტებზე ვმუშაობთ.“
დოკუმენტი მომზადდა ანალიტიკური ცენტრის მიერ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს FSB-ის მეხუთე სამსახურთან – იმ განყოფილებასთან, რომელიც უკრაინაში ოპერაციებს კურირებს.
დოკუმენტი შეიქმნა რუსეთსა და აშშ-ს შორის 18 თებერვალს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების წინა კვირაში.
რუსი აკადემიკოსის თქმით, რომელიც რუსეთის დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულია, დოკუმენტის ძირითადი იდეები მოსკოვში ფართო კონსენსუსს ასახავს.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ არასოდეს არის ნათელი, კრემლის ხელმძღვანელობა რეალურად რამდენად რეაგირებს მისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე.
მისი თქმით, რუსული ელიტის აგრესიული („ქორების“) ფრთა კრემლს მოუწოდებდა, გაეგრძელებინა ომი და „მიმდინარე სიტუაცია შემდგომი წინსვლისთვის გამოეყენებინა“,
მიუხედავად ამისა, სხვა ჯგუფები კონფლიქტის უფრო სწრაფი დასრულებისკენ და „უკიდურეს შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებდნენ.
FSB-სთან დაკავშირებული დოკუმენტი აღწერს, როგორ შეუძლია რუსეთს მოლაპარაკებების პოზიციის გაძლიერება:
- აშშ-სა და ჩინეთს, ასევე ევროკავშირს შორის დაძაბულობის გაღრმავებით.
- ვაშინგტონისთვის წვდომის შეთავაზებით რუსულ მინერალებზე, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
- დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში არსებული იშვიათი ლითონების საბადოების ექსპლუატაციის წინადადებით.
24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუში მსგავსი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ მოსკოვს შეეძლო ამერიკული კომპანიებისთვის რუსეთის მინერალური საბადოების, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რესურსების, შესწავლისა და დამუშავების უფლების მიცემა.
ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების განვითარების შესახებ შეთანხმების ჩაშლის მცდელობა იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის პირველი მიზანი უნდა იყოს ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც მოიცავს:
- ორივე ქვეყნის საელჩოებში დიპლომატიური პერსონალის სრულ აღდგენას.
- ალექსანდრ დარჩიევის რუსეთის ელჩად დანიშვნას აშშ-ში.
ეს შეთავაზებები საჯაროდ გამოჩნდა 27 თებერვალს სტამბოლში რუს და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებას ეხებოდა.
დოკუმენტი ასევე შეიცავს შეთავაზებას, რომ რუსეთი დათანხმდეს ბელარუსში Oreshnik-ის ტიპის შუალედური მანძილის ბალისტიკური რაკეტების არგანთავსებას, რომელიც ევროკავშირის საზღვართან იქნებოდა განლაგებული.
ამის სანაცვლოდ, აშშ უნდა დათანხმდეს, რომ ევროპაში ახალი სარაკეტო სისტემები არ განათავსოს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, რომ რუსეთმა შესაძლოა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „აშშ-ის მიმართ არამეგობრულებად“ ითვლებიან.
თუმცა, ამის სანაცვლოდ, აშშ-მ უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება.
მიუხედავად ამისა, დოკუმენტში აღინიშნება, რომ „მოსკოვის მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა რთულად განსახორციელებელია“.
დოკუმენტი უარყოფს უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტ კიტ კელოგის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო წინადადებებს.
ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც განხილული იყო, არის უკრაინის მიერ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დათმობა და კიევის ვალდებულება, რომ მომავალში არ შეეცდება მათი დაბრუნებას არც სამხედრო, არც დიპლომატიური გზებით.
თუმცა, FSB-სთან დაკავშირებული დოკუმენტი აცხადებს, რომ ეს შეთანხმებაც კი არასაკმარისია და რომ რუსეთის სუვერენიტეტის ოფიციალური აღიარების გარეშე, „მაღალი ალბათობით“, შეიარაღებული კონფლიქტი შუა ვადიან პერსპექტივაში განახლდება.
„მაგალითად, აშშ-ში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტი ასევე უარყოფს უკრაინის ნებისმიერ პოტენციურ პოლიტიკურ დათმობას, მაგალითად უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე უარს ან არჩევნების ჩატარებას, რომელშიც პრორუსულ პარტიებს შეეძლებათ მონაწილეობა., რადგან მათ საკმარისად გრძელვადიანი ეფექტი არ ექნებათ.
„რეალურად, ამჟამინდელი კიევის რეჟიმის შეცვლა ქვეყნის შიგნიდან შეუძლებელია. აუცილებელია მისი სრული დემონტაჟი,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
სამშვიდობო ძალებისა და უკრაინის შეიარაღების საკითხი
დოკუმენტი უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო ძალების გაგზავნას „აბსოლუტურად არასაჭიროდ“ მიიჩნევს, რადგან „ნებისმიერი ძალა დასავლეთის ძლიერ გავლენას ექვემდებარება“.
აშშ-ის გეგმები უკრაინის შეიარაღების გაგრძელებაზე სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ასევე „აბსოლუტურად მიუღებელია“, ისევე როგორც უკრაინის არმიის 1 მილიონიან დონეზე შენარჩუნება.
რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის მცდელობა სანქციების ნაწილობრივი მოხსნის სანაცვლოდ ასევე უარყოფილია დოკუმენტში.
„არ არის ნათელი, რა სარგებელი ექნება რუსეთს,“ – ნათქვამია მასში, რადგან „ჩვენს ქვეყანაზე სანქციების გავლენა აშკარად გადაჭარბებულად არის შეფასებული.“
ჟენევაში მცხოვრებმა ყოფილმა რუსმა დიპლომატმა, ბორის ბონდარევმა, განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ტრამპი მოლაპარაკებებში ჩაითრიოს, აჩვენოს თავისი „ღიაობა და მოქნილობა“.
ამავდროულად, პუტინი შეეცდება მოლაპარაკებების გაწელვას და წარმოაჩენს თავს, როგორც „ნამდვილ, ერთგულ მეგობარს დონალდ ტრამპისთვის“, რომელსაც „სრულად ესმის მისი, და სურს დაეხმაროს მისი მიზნების მიღწევაში აშშ-ში.
თუმცა, „რა თქმა უნდა, პუტინს ტრამპისგან სანაცვლოდ რაღაცის მიღება დასჭირდება, რადგან ამას უბრალოდ მუქთად ვერ გააკეთებს“, – დასძინა ბონდარევმა.
დმიტრი ალპეროვიჩმა, ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის, Silverado Policy Accelerator-ის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ პუტინისთვის პირდაპირ უარის თქმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე რთული იქნება, რადგან ეს მოსკოვის ვაშინგტონთან შესაძლო ურთიერთობის გადახედვის რისკს შეიცავს.
„მისი შეხედულებით, ამ ეტაპზე საკითხი ბევრად სცდება მხოლოდ უკრაინას — მთავარი მიზანი აშშ-რუსეთის დიპლომატიური ნორმალიზაცია, სანქციების მოხსნა და NATO-ს შიგნით განხეთქილების გაღრმავებაა“, – დაწერა ალპეროვიჩმა X-ზე (ყოფილი Twitter).