Washington Post-ის შაბათის ნომერში გამოქვეყნდა გამოცემის კორესპონდენტის კეტრინ ბელტონის სტატია, რომელიც ეძღვნება საფრანგეთის უკიდურესი მემარჯვენეების ახალ მცდელობებს შეცვალონ ქვეყნის პოლიტიკა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
კრემლის მხარდამჭერები უკიდურესი მემარჯვენეების ფლანგიდან, იყენებენ „მჯელობებს უკრაინაში ომისთვის გადახდილი ფასის შესახებ და სულ უფრო მეტად აზავებენ მას იმ აზრთან, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკული იდეაა და საფრანგეთი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც დიდ ზესახელმწიფო და აღადგინოს კავშირები რუსეთთან“.–ასკვნის ავტორი.
კრემლმა კი, როგორც ვაშინგტონ პოსტის წყაროებით მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, იცის მემარჯვენეების მზარდი პოპულარობის შესახებ და სურს ამით ისარგებლოს.
დოკუმენტები, რომლებზეც ბელტონი წერს, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით იქნა მოპოვებული.
ამ დოკუმენტების თანახმად, სერგეი კირიენკომ, პუტინის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, დაავალა კრემლის პოლიტიკურ სტრატეგებს, განავითარონ პოლიტიკური დესტაბილიზაციის კამპანია საფრანგეთში სოციალური ქსელების, ფრანგი პოლიტიკური აქტივისტების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების გამოყენებით.
მაგრამ იმ პირთა კონკრეტული სახელები, ვინც ამაში უნდა იყოს გამოყენებული, დოკუმენტებში არ არის ნახსენები.
ამ პროექტის მონახაზების პირველი პრეზენტაციები კრემლს უკვე 2022 წელს გადაეცა და აჩვენა, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ საფრანგეთში, სადაც რუსეთისადმი სიმპატიით განწყობილი ადამიანების მნიშვნელოვანი ფენა დარჩა, შესაძლებელი გახადა მსგავსი პროპაგანდისტული კამპანიის განხორციელება.
წელს კრემლის რეკომენდაციები მედია სტრატეგებისთვის უფრო კონკრეტული იყო: გაზარდეთ მესიჯების რაოდენობა, რომლებიც ხელს შეუწყობდა იმ აზრს, რომ სხვისი ომისთვის ფასის გადახდა ცუდი იდეაა.
საპასუხოდ, მიღებული დოკუმენტების მიხედვით, შემუშავდა სახელმძღვანელოები „ბოტ ფერმებისთვის“. მაგალითად, ეს: შექმენით 200-სიმბოლოიანი კომენტარი შუახნის ფრანგის სახელით, რომელიც საფრანგეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი „იდიოტურ ავანტიურად“ მიიჩნევს.
ამ წარმოსახვითი ფრანგისთვის ერთ-ერთი არგუმენტი იქნება ის, რომ უკრაინის მხარდაჭერა იწვევს „ინფლაციას და ცხოვრების დონის დაქვეითებას“.
კრემლის სპიკერს, დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს ასეთი დოკუმენტების არსებობის შესახებ.
მან ამ ინორმაციას უწოდა „კიდევ ერთი ფეიკი და სრული სისულელე“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კირიენკო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაკავებულია საშინაო პოლიტიკით და რომ „მთელი ევროპა იტანჯება“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით და ამის კიდევ ერთხელ დამტკიცება არ არის საჭირო.
მაგრამ, როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, სოციალურ ქსელებში აქტივობის ანალიზი აჩვენებს, რომ იყო მცდელობები საფრანგეთის შიდა პრობლემები პრორუსული ნარატივების პოპულარიზაციისთვის გამოყენებინათ.
Alto Intelligence არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ევროპაში ანომალიური ციფრული მედიის აქტივობის მონიტორინგზე. მათი დათვლით, პარიზში არაბი მოზარდის მკვლელობით გამოწვეული არეულობის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა კომენტარის თითქმის მესამედი მომხმარებელთა პატარა – 1,2% -იანმა ჯგუფმა უზრუნველყო.და კომენტარების ამ მასაში 24,2% პრორუსული იდეების პოპულარიზაციას ეწეოდა.
ანგარიშების უმეტესობა, რომლებმაც ეს კომენტარები დაწერეს, დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან – მარინ ლე პენთან, ნაციონალური გაერთიანების ხელმძღვანელთან (ყოფილი ეროვნული ფრონტი) და ერიკ ზემურთან.
შემოდგომაზე, ჰამასის თავდასხმების შემდეგ ისრაელის დასახლებებზე და ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ ღაზაში, გაჩნდა მტკიცებულება, რომ ანტიისრაელური პროტესტი საფრანგეთში, ირიბად ან რუსული დეზინფორმაციული ქსელების გამოყენებით დაკავშირებული იყო მოსკოვთან.
ექვსთვიანი საპარლამენტო გამოძიება საფრანგეთის პოლიტიკაში საგარეო ჩარევის შესახებ მივიდა დასკვნამდე: “რუსეთი აწარმოებს მდგრად დეზინფორმაციულ კამპანიას ჩვენს ქვეყანაში” და ხაზი გაუსვა ლე პენის პარტიის როლს, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, “ბევრ განსაკუთრებულ კავშირს ინარჩუნებს კრემლთან”, და, არსებითად, მოქმედებს როგორც „საკომუნიკაციო არხი“ რუსული შეხედულებების გავრცელებაში.
ლე პენს მოსკოვთან კავშირში დიდი ხნის განმავლობაში ადანაშაულებენ, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ 2014 წელს რუსეთიდან სესხი აიღო. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლე პენი აღარ არის ისეთი აქტიური პუტინის მხარდასაჭერი და მისი კომენტარები ომის შესახებ ძირითადად ხაზს უსვამს იმას, რომ ანტირუსული სანქციები ზიანს აყენებს საფრანგეთის ეკონომიკას.
თუმცა, მისმა “ნაციონალურმა გაერთიანებამ“ უარი თქვა უკრაინის მხარდაჭერაზე რამდენიმე საპარლამენტო კენჭისყრაში.
და ბოლო თვეებში, ამ პარტიის წევრები და სხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები კვლავ ალაპარაკდნენ მოსკოვთან კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე.
ბევრი მათგანი არ მალავს, რომ საფრანგეთის არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობა რუსეთს აძლევს კარგ შანსს, შემდგომშიც სცადოს ძირგამომთხრელი საქმიანობა და რყევების გამოწვევა.