ივნისში აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის უკრაინაში საიდუმლო ვიზიტისას, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ამბიციური გეგმა – წლის ბოლომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, იტყობინება Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.
ბერნსის მანამდე გაუხმაურებელი ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებთან. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ გამოყენებული დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი შემტევი ბრიგადების უმეტესობა– წერს გამოცემა
WP-ის წყაროს ერთ–ერთი ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის „მზადყოფნის დადასტურება“ განაგრძოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში.
საჯაროდ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს იმედგაცრუება კონტრშეტევის კრიტიკის გამო. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯარისკაცები სისხლით იხდიან უკრაინის მიწის ყოველი მეტრის დეოკუპაციის ფასს, ამიტომ მას აღიზიანებს კომენტარები, რომ კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელია.
ამავდროულად, გამოცემის მიხედვით, პირად საუბრებში კიევის სამხედრო ჩინოვნიკები გამოთქვამენ რწმენას, რომ უკრაინა შემოდგომისთვის შეძლებს მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაბრუნებას; რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის საზღვრამდე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გადატანას; უკრაინის აღმოსავლეთით წინსვლას; შემდეგ კი მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას.
„რუსეთი მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ საფრთხეს იგრძნობს“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
კიევისთვის იდეალურ სცენარში, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოიპოვებენ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტებს ყირიმის საზღვარზე ჯარებისა და ძლიერი იარაღის განლაგებით. ანექსირებული ნახევარკუნძული ამ შემთხვევაში რეალურად მძევლის როლს შეასრულებს. კიევი მზად იქნება უარი თქვას ყირიმში საბრძოლო მოქმედებებზე, მაგრამ სანაცვლოდ მოსთხოვს რუსეთს აღიაროს უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს.