Washington Post: ყირიმის სამხედრო აეროდრომის აფეთქება უკრაინული სპეცდანაყოფების მუშაობის შედეგია

ამერიკული გამოცემა Washington Post ყირიმში, ნოვოფედოროვკას ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე უკრაინის მთავრობის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქება უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია. ჩინოვნიკის ვინაობა არ სახელდება.

გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ ქვედანაყოფზეა საუბარი, თუმცა წარსულში დასავლური მედია წერდა, რომ უკრაინული სპეცოპერაციების ძალები რუსული ჯარების ფრონტის სიღრმეში სპეციალურ ოპერაციებს აორგანიზებდნენ, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე.

Washington Post–ის თანამოსაუბრე არ აკონკრეტებს, როგორ მოხდა ნავოფედროვოკის აფეთქების ორგანიზება.

მას შემდეგ, რაც ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ არ აღიარა ინციდენტთან საკუთარი კავშირი და რუს სამხედროებს მოუწოდა “არასათანადო ადგილებში სიგარეტი არ მოწიონ.“ თუმცა, მოგვიანებით უკრაინელი ჩინოვნიკები აქტიურად აკომენტირებდნენ აფეთქებას და ამბობდნენ, რომ “რუსეთის დემილიტარიზაცია ჯერ ახლა იწყება“. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

ოთხშაბათს დილით უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ნოვოფედოროვკაში 9 რუსული თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ინფორმაციის სარწმუნოობის გადამოწმება შეუძლებელია.

ამერიკული მთავრობის წარმომადგენელმა  Washington Post–ს ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ ნოვოფედოროვკაზე თავდასხმა სავარაუდოდ უკრაინამ განახორციელა, და ამასთან, არ გამოუყენებია მისთვის აშშ–ს მიერ მიწოდებული იარაღი.