კლუბ “ბასიანის” მფლობელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ კონცერტები და საკლუბო ცხოვრება 2021 წლამდე, სავარაუდოდ, ვერ აღდგება, ხელისუფლებას კი არ ანაღვლებს არც მათი ბედი და არც იმ თანამშრომლების, რომლებიც დაუცველ ჯგუფებს განეკუთვნებიან და უსამსახუროდ დარჩნენ.
“გლობალური პანდემიის შედეგად, უკვე ერთი თვეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ჯერ კიდევ უცნობია რამდენ ხანს მოგვიწევს ამ მოცემულობაში ცხოვრება. წარმოება გაჩერებულია, კომერციული ობიექტები დახურულია, სასწავლო პროცესი შეჩერებულია, საზღვრები ჩაკეტილია, 3-ზე მეტი პირის თავშეყრა დანაშაულია. ასე თუ გაგრძელდა, ეპიდემიის მასობრივ აფეთქებას შეიძლება გადავურჩეთ, მაგრამ სოციალური და ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას არც არასოდეს ულხინდა, მაგრამ ახლა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ზრუნვის და ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩა და უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას.
დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი ამ სტატუსის დაწერისგან თავს. მაშინ როდესაც ადამიანები სიცოცხლისა და გადარჩენისთვის იბრძვიან, რთულია საჯაროდ ისაუბრო ამ თემაზე, თუმცა არასოდეს უნდა გვრცხვენოდეს საყვარელ საქმიანობაზე ფიქრის და მისი მხარდაჭერის. სიჩუმეს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე იმ სფეროზე ხმამაღლა საუბარს, რომელსაც წლები შევწირეთ.
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულმა საგანგებო ზომებმა უდიდესი ზარალი მოუტანა ყველა სფეროს, მათ შორის თბილისის საკლუბო სცენას, სცენას რომლის მშენებლობასა და აყვავებაში უამრავი შრომა გვაქვს ჩადებული. ეს სცენა ახლა შესაძლო განადგურების წინაშე დგას. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ფაქტს სიამოვნებით მიესალმება, ისე რომ არც დაინტერესდეს, თუ რამდენი ადამიანი დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უსაფრთხო და თავისუფალი სივრცის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში დასაქმებული პირების უმრავლესობა მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნება და მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს კონკრეტული სივრცეეები წარმოადგენს.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და ფონდები ამ ინდუსტრიას, არტისტებს და თვითდასაქმებულ პირებს. ვნახეთ ურთიერთდახმარების მასშტაბური პრეცედენტები. სამწუხაროდ, კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად და ეკონომიკის დასახმარებლად ჩვენი მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხებში ვერ მოხვდა საქართველოს შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიის სექტორები.
გვესმის, რომ ჩვენ ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობას არც ინტერესი აქვს, რომ ეს სფერო გადარჩეს, რადგან ერთხელ უკვე ვნახეთ ამ სცენის დემონიზაციისა და დისკრედიტაციისთვის თუ რა ნაბიჯები გადაიდგა.
სხვადასხვა ქვეყნის საკლუბო სცენას ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში 2 მილიარდამდე ევროს ოდენობის თანხა შეაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა არ არის აღრიცხული, არც მონაცემებია ხელმისაწვდომი, თუმცა, გვაქვს ერთი უტყუარი ფაქტი – საკლუბო კულტურამ და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტროამ თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.
ჯანდაცვის ექსპერტების დასკვნით, მასშტაბური ფესტივალები და საკონცერტო ღონისძიებები 2021 წლის შემოდგომამდე ვერ ჩატარდება, შესაძლოა, საზღვრებიც დიდი ხნით იყოს ჩაკეტილი, სოციალური დისტანციის პრაქტიკა წლობით გაგრძელდეს და ჩვენი შიში საყვარელი სივრცეების სამუდამოდ გაქრობაზე უფრო და უფრო მძაფრდება.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერც ქველმოქმედების და ვერც რაიმე ტიპის სუბსიდირების იმედად ვერ ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ. დანარჩენმა სამყარომ გვიჩვენა, რომ მხოლოდ მზრუნველ და პასუხისმგებლიან სახელმწიფოს შეუძლია ამ სფეროს გადარჩენა და დახმარება, და სოლიდარობა.
დიახ, მე საკლუბო კულტურის და საცეკვაო მოედნის მხარდამჭერი, აქტივისტი და გულშემატკივარი ვარ. დაინტერესებული ვარ ქალაქის ღამის ცხოვრებით, არადომინანტური კულტურისა და უსაფრთხო სივრცეების განვითარებით, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იზიარებს ამ სულისკვეთებას. არც იმის მეშინია, თუ ბევრი ადამიანი დამძრახავს ამ საკითხზე საჯაროდ საუბრისთვის, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ამ სფეროს გადარჩენაში თითოეული ჩვენგანის როლი. სიჩუმე ჩვენს ყოფას შვებას ვერ მოუტანს, საჭიროა ქმედებები და ფიქრი მომავალზე.
ნებისმიერი იდეისთვის და შესაძლებლობისთვის ვარ ღია, გთხოვთ, დავიწყოთ გამოსავლის ძიება.
we Dance or Die”. – წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.