WHO უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია აშშ-სა და მთელ მსოფლიოს უსამართლოდ მოექცა.

„ისინი ამბობენ, ბევრად მეტი ცხედრების ჩანთა იქნებაო. ტედროს ადანომ გებრიესუსს სწორი ანალიზი რომ გაეკეთებინა, ბევრად უკეთესად მოემსახურებოდა იმ ხალხს, ვისთვისაც უნდა ემსახურა. ყველაფერი მიკერძოებული იყო ჩინეთის მისამართით”, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მ საზღვრების დაკეტვით ჯანმოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან WHO-ს პრეზიდენტს უნდოდა, რომ აშშ-ს საზღვრები არ ჩაეკეტა.

„ყველაფერი ჩინეთისთვის გაკეთდა. ეს არ არის სწორი, ის უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და გულახდილად გითხრათ, მსოფლიოს. არ მჯერა, რომ ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს. შეხედეთ რა ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აპრილს WHO-ს ხელმძღვანელმა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის ტრამპს მოუწოდა, რომ კორონავირუსის პანდემიის პოლიტიზირება შეწყვიტონ. ,,თუ არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან“,- თქვა გებრიესუსმა.