Wizz Air და Ryanair-სთვის კვირაში ერთხელ და ორჯერ ფრენა წამგებიანი იქნება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან.

მინისტრის განმარტებით, ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია და მათთვის კვირაში ორჯერ ფრენების შესრულება მომგებიანი არ იქნება, ამიტომ ისინი 10–ზე მეტი მიმართულება შესთავაზეს.

” Wizz Air da Rynair ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ ის დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ, ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის.

მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება გვქონდა ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული, ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ძალიან დიდ ნაკადს ადამიანების. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც როცა იქნება და ის ქვეყნებიც, საიდანაც ისინი გვთავაზობენ ფრენას, ჩვენ ამას დავუშვებთ”, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, Lufthansa-ს შემდეგ საქართველოს მთავრობამ Air France-ს აგვისტოდან თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა. ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს.