ყნოსვის უცაბედი დაკარგვა შესაძლოა ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგების განცხადებაშია ნათქვამი.
ეს სიმპტომი შესაძლოა დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობისასაც გამოჩნდეს, ანუ ასეთი პაციენტები შესაძლოა Covid19–ის ვირუსის ფარული მატარებლები იყვნენ.
ორგანიზაციის მონაცემებით არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ ეს სიმპტომი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს აღმოაჩნდათ სამხრეთ კორეაში, ჩინეთში და იტალიაში.
დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში, საფრანგეთში და იტალიაში ანოსმიის (ყნოსვის უქონლობა) შემთხვევების უცაბედი ზრდა აღინიშნება – ნათქვამია ბრიტანეთის რინოლოგთა საზოგადოების წევრის, პროფესორ კლერ ჰოპკინსის და ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრის, პროფესორ ნირმალ კუმარის ერთობლივ განცხადებაში.
“ეს პაციენტები შეიძლება მანამდე უცნობი ფარული მატარებლები იყვნენ, რომლებიც ვირუსის სწრაფ გავრცელებას უწყობენ ხელს. სამწუხაროდ ამ პაციენტების სიმპტომები არ შეესაბამება ანალიზების ჩაბარების, თვითიზოლაციის და ტესტირებისთვის საჭირო ამჟამინდელ კრიტერიუმებს.“– ნათქვამია განცხადებაში.
ექიმები რეკომენდაციას იძლევიან ეს სიმპტომი გათვალისწინებულ იქნას როგორც კორონავირუსის აღმოჩენის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იმ პაციენტებში, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ან მშრალი ხველა არ აქვთ.
“არსებობს ალბათობა, რომ თუ ანოსმიის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სხვა სიმპტომები არ გააჩნიათ შვიდ დღიან იზოლაციაში მოაქცევენ, შევძლებთ უსიმპტომო დაავადებულების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ინფორმაციის გადამტანები არიან და ვერ აცნობიერებენ თვითიზოლაციის აუცილებლობას“– ნათქვამია განცხადებაში.