ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს. ამის შესახებ თავად პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
პეტრე ცაავას თქმით, აუცილებელია, სინოდის სხდომა გამჭირვალე იყოს და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს.
„სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის „ერთსულოვნების“ მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ, წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ამიტომ ერთსულოვნებისათვის ჯერ ბერში, შემდეგ ერში, უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. აწ განსვენებული წმინდა ადამიანი, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამბობდა, ეკლესიაში არის მხოლოდ შვიდი საიდუმლოება, სხვა საიდუმლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და სიცრუეს ტირაჟირებენ, დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა, არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მიმიწვევენ, დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენეს, მის ნაცვლად კი ჭყონდიდის ეპარქიაში წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი გაამწესეს. ყოფილ მეუფეს კი მონასტერში წასვლის კურთხევა მისცეს.