You Are Not Welcome – რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

“You Are Not Welcome ” – ამ ლოზუნგით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს მოქალაქეები დახვდებიან. რესპუბლიკის მოედნიდან  თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მიდიან.

რამდენიმე წუთში,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული ავიაკომპანიის Azimuth Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ბორტი “ვნუკოვოს” აეროპორტიდან უკვე გამოფრინდა. ბორტზე 70 ადამიანი იმყოფება.

აეროპორტში შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული. ადგილზე იმყოფება, ვაჟა სირაძე,

”აქციაა დანონსებული, ყველა აქციაზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები,  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის იმყოფებიან ადგილზე” – ამბობს ვაჟა სირაძე “ფორმულასთან”.

აეროპორტთან შეიკრიბებიან, სტუდენტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი არის, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში არ უნდა იფრინონ, მათი მთავარი ადრესატი კი “ქართული ოცნებაა”.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რუსული სანქცირებული თვითმფრინავების პირდაპირი ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავს.

  • “როგორი შეშინებული არის იქიდან პუტინი და აქედან ივანიშვილი, რომ დროც კი მოიტყუეს გამოფრენის და ჩამოფრენის. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველას პროტესტი, იმიტომ რომ პირდაპირი ფრენები ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ მათ კურსი შეიცვალეს. სანქცირებული თვითმფრინავების ფრენა ჩვენს ავიასივრცეში ნიშნავს ჩვენს იზოლაციას, იმიტომ რომ პირდაპირ სანქცირება მოჰყვება ჩვენი აეროპორტების. დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის Red Wings-იც იფრენს, რომელიც ამერიკაშიც და ევროპაშიც და უკრაინაშიც სანქცირებულია. ამიტომ, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება მკაცრი ერთიანობისა, ბრძოლისა,” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ პირდაპირი ფრენების უფლება, აშშ-ის და უკრაინის მიერ  მიერ სანქცირებულ, რუსულ ავიაკომპანიასაც მისცა.

”ავიაკომპანია Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას
მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა”- ნათქვამია განცხადებაში.