„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველას ვალია, ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, აუცილებლად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და იქნება კეთილდღეობა მიუხედავად იმ ბოროტი ზრახვებისა, რომელიც რუსეთს ჩვენს მიმართ გააჩნია
„დღეს ჩვენ აქ ამოვედით იმისთვის, რომ პატივი მიგვეგო იმ გმირებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ 1921 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღეს არის პრაქტიკულად საბჭოთა ოკუპაციის დადგომის დღე, ტრაგიკული დღეა ჩვენს ისტორიაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო ჯერ კიდევ თითქმის 100 წლის წინ. ეს ბრძოლები არ იყო მარტო აქ, ტაბახმელაში, კოჯორში, ეს იყო მთელ საქართველოში. მაშინდელი რუსეთის არმია გვიტევდა ბევრი მიმართულებიდან და საქართველოს მოქალაქეები იცავდნენ ქვეყანას, არა მარტო კადეტები, არა მარტო იუნკერები, არამედ რეგულარული არმია და ეს იყო ჩვეულებრივი ბრძოლა ორი ქვეყნის. სამწუხაროა, რომ ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, დღესაც არის ოკუპანტი სახელმწიფო ზუსტად ისეთივე იმპერიული მისწრაფებებით, სხვა ფორმით, მაგრამ ზუსტად იგივე შინაარსით. ამიტომ, ჩვენი, ყველას ვალია ეს გვახსოვდეს, ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, იყოს სუვერენიტეტი შენარჩუნებული და მოსახლეობა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და იქნება კეთილდღეობა მიუხედავად იმ ბოროტი ზრახვებისა, რომელიც რუსეთს ჩვენს მიმართ გააჩნია“, – განაცხადა კაპანაძემ.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია