2 წლის ანიტა ფაცაციას, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა ინდოეთის კლინიკაში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, 31 იანვარს გარდაიცვალა. თუმცა ანიტას ჯგუფში მისი სახელით ქველმოქმედება კვლავ გრძელდება.
ბავშვის დედა მარიკო სადრაძე “ფეისბუქზე” წერს,რომ შვილის საფლავზე მისულს, ყოველდღე ხვდება ანიტას სახელზე დატოვებული საჩუქრები:
“ანიტასთან ასულს თითქმის ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების მიერ დატოვებული საჩუქრები. ხშირად ვერც კი ვიგებ ვინ ტოვებს… მაგალითად, ეს პატარა ანგელოზი დღეს დამხვდა წერილთან ერთად, წმინდა გიორგის ხატი ცოტა უფრო ადრე.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ სილამაზეებისა, რასაც თქვენ მიტოვებთ. დიდი მადლობა, რომ გიყვართ და გახსოვთ ანიტა! ეს მე ძალიან მეხმარება” – წერს მარიკო სადრაძე.
შეგახსენებთ, პატარა ანიტა თვეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, მას უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს. მდგომარეობა ინდოეთის კლინიკაში ყოფნის დროს დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.