ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე მერკელი პუტინს პარიზში დაელაპარაკება

ბერლინის პარკში ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობა იმ ადამიანის ხელით, რომელსაც რუსეთთან დაკავშირებულ დაქირავებულ მკვლელად თვლიან, გერმანიის მოქალაქეების დიდი ნაწილი აღაშფოთა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი აგვისტოში დღისით, თავში გასროლით მოკლეს.

გერმანიის მთავარი პროკურორი თვლის, რომ მტკიცებულებების მიხედვით მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ ან ჩეჩნეთის ხელისუფლებამ შეუკვეთა.

დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა.

ამ მკვლელობის გამო გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.

ბიბისი წერს, რომ ეს ისტორია გარკვეულწილად “სკრიპალების საქმეს“ გავს და შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბოს.

ლონდონში ნატოს სამიტზე ანგელა მერკელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მომავალ კვირას ამ საკითხს პარიზში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს.

მერკელის თქმით დიპლომატები პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადეს იმის გამო, რომ მათ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.

ხანგოშვილი (ფოტოზე მარჯვნივ)კარგად იცნობდა ასლან მასხადოვს,
რომელიც 2005 წელს მოკლეს

ორი ქვეყნის ლიდერები, ასევე საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები 9 დეკემბერს პარიზში ე.წ. ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში იკრიბებიან, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე მოილაპარაკონ.მერკელს, რომელიც ოდესღაც ნორმანდიული ფორმატის ინიციატორი იყო საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან ერთად იმედი აქვს, რომ შეხვედრა წარმატებული იქნება.

თუმცა მთავარი საკითხის პარალელურად მერკელი პარიზში საკუთარი დღის წესრიგით ჩადის.

მართალია ბერლინში მომხდარ მკვლელობაზე რეაქცია ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე 2018 წელს ბრიტანეთში მომხდარ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე, როცა ნერვულ–პარალიტიკური ნივთიერების „ნოვიჩოკის“ ზემოქმედებით 44 წლის დონ სტერჯესი გარდაიცვალა, თუმცა

გერმანიაშიც ბევრი მოუწოდებს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში სანქციები გამოიყენოს.

მაგალითად, მერკელის პარტიის წევრმა, გერმანელმა პარლამენტარმა რედრიკ კიზევეტერმა რუსეთის მხრიდან გამოძიებაში თანამშრომლობაზე უარი დაგმო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციის ესკალაციას არ ელოდება და თვლის, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობები გაგრძელდება.

საკმაოდ თავშეკავებული რეაქცია ბერლინსა და მოსკოვს შორის საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობების შედეგია.

მაგალითად 2014 წელს მერკელმა სასწრაფოდ დაგმო რუსეთის ქმედებები ყირიმის ანექსიის გამო და მას შემდეგ მხარს უჭერს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა ამავე დროს მიუხედავად გერმანიაში და სხვა ქვეყნებში არსებული უკმაყოფილებისა, ის მხარს უჭერს პროექტს – “ჩრდილოეთის ნაკადი2“, რომელმაც გერმანიის გავლით ევროპისთვის მიწოდებული რუსული გაზის მოცულობა ორჯერ უნდა გაზარდოს.

ბიბისი წერს, რომ გერმანია და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან ისტორიით და გარკვეულწილად ახლოს არიან ერთმანეთთან ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და სოციალურად. ათასობით გერმანული კომპანია მუშაობს რუსეთში, ზოგიერთი მათგანი კი სანქციების წინააღმდეგ გამოდიან, რომლებიც მათი აზრით ვაჭრობას ხელს უშლის.

ცოტა ხნის წინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიის ყოველი მესამე კომპანია რუსეთის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ადრე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო და საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლდებოდა.

მერკელი და პუტინი ამ საერთო ისტორიის “გაგრძელებაა“. რუსეთის პრეზიდენტი სახელმწფო უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობისას დრეზდენში მიავლინეს, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს. სწორედ აქ იწყებდა მერკელი თავის სამეცნიერო კარიერას. პუტინი გერმანულად საუბრობს, მერკელი კი რუსულად.
12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პუტინი, რომელმაც იცოდა, რომ მერკელს ძაღლების ეშინია ერთ–ერთ პირველ შეხვედრაზე კანცლერთან თავის შავ ლაბარდორთან ერთად მივიდა.

ასეა თუ ისე, მერკელს ევროპაში ყველაზე სტაჟიანი მმართველია და ამ წლების მანძილზე მას დასავლეთსა და რუსეთს შორის მომლაპარაკებლის იმიჯი ჩამოუყალიბდა.

პარიზის შეხვედრა პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა მერკელი პუტინს მისთვის უხერხულ კითხვებს დაუსვამს.თუმცა ნაკლებად თუ ვინმეს ჯერა, რომ პუტინი ბერლინის პარკში მომხდარ მკვლელობაზე მერკელს გულახდილად მოუყვება.